24-12-2020
ხარისხიანი გამოძიება და ხარისხიანი საპოლიციო საქმიანობა შეუძლებელი იქნება მკაფიო პასუხისმგებლობების ზონების გამოყოფის გარეშე. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ გამოძიებაზე პასუხისმბგებლობა გადანაწილებულია როგორც პროკურატურაზე, ასევე შსს-ს საგამოძიებო დანაყოფებზე, რაც საბოლოო ჯამში უბრალოდ უპასუხისმგებლობის გარკვეულ რისკებს აჩენს, ამიტომ, მსგავსი გადაფარვები არის მოსახსნელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გამოძიება დღეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ყველაზე სუსტი ნაწილია. იმიტომ, რომ რეფორმა ბევრ რამეს შეეხო ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ გამოძიების ნაწილს არ შეხებია
„გამოძიება დღეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ყველაზე სუსტი ნაწილია. სამწუხაროდ ასეა. სხვადასხვა მიზეზების გამო. იმიტომ, რომ რეფორმა ბევრ რამეს შეეხო ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ გამოძიების ნაწილს არ შეხებია
აქ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ ეს არ არის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ტარდება. ეს არის რეფორმა, რომელსაც მინიმუმ 4-5წელი სჭირდება, იმიტომ, რომ კომპეტენციის დონეზე შსს-ს გამომძიებლები არიან მოსამზადებლები, რაც ყველას კარგად გვესმის, ისევე, როგორც საპოლიციო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ხარისხობრივად სხვა დონეზე გადაყვანის. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ვიცი, რომ საკანონმდებლო ინიციატივის გარკვეული მონახაზი არსებობს, რომელიც ვენეციის კომისიაშიც იყო გაგზავნილი და იქიდან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურებებია მოსული. თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის რეფორმა, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის სხვადასხვა სფეროების რეფორმირებასთან ერთად. ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებაში ელემენტარული უსაფრთხოების შესაქმნელად. ეს არ იქნება მარტივი, ამას არ ეყოფა ერთი წელი, მაგრამ ეს რეფორმა განსახორციელებელია მარტივი მიზეზის გამო - ხარისხიანი გამოძიება და ხარისხიანი საპოლიციო საქმიანობა შეუძლებელი იქნება მკაფიო პასუხისმგებლობების ზონების გამოყოფის გარეშე. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ გამოძიებაზე პასუხისმბგებლობა გადანაწილებულია როგორც პროკურატურაზე, ასევე შსს-ს საგამოძიებო დანაყოფებზე, რაც საბოლოო ჯამში უბრალოდ უპასუხისმგებლობის გარკვეულ რისკებს აჩენს, ამიტომ, მსგავსი გადაფარვები არის მოსახსნელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, შსს-ს საგამოძიებო კორპუსი ბევრად უფრო მძლავრია, თუმცა მისი რესურსი გამოყენებული არ არის.
„შსს-ს საგამოძიებო კორპუსი ბევრად უფრო მძლავრია, ფიზიკურად უფრო დიდია და მისი რესურსი გამოყენებული არ არის. მე მიმუშავია სამინისტროში და ვიცი, ოპერატიულ საქმიანობასთან შედარებით შსს-ს საგამოძიებო კომპონენტი 10 პროცენტით არის ათვისებული, იმიტომ, რომ საკანონმდებლო დონეზე გამიჯვნა არ არსებობს. მესმის, რომ რისკი არის ის, რომ ამ გამიჯვნის პირობებში შეიძლება იქ საჭირო კომპეტენცია არ იყოს, ამიტომ, გასაძლიერებელია კომპეტენცია შსს-ს საგამოძიებო კორპუსში და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ საკანონმდებლო დონეზე გამიჯვნაზე. ამიტომ ვამბობ, რომ ამას დასჭირდება რამდენიმე წელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.