24-12-2020
სამომხმარებლო კალათა არის შეფასებითი ერთეული, რომელსაც საქართველოს საქსტატი ადგენს და ამას უფრო მაკროეკონომიკური განზომილება აქვს. ის, რომ ლარის კურსს პირდაპირი სოციალური მნიშვნელობა აქვს, ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ სამომხმარებლო მინიმუმთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დაიყვანოს და იქ, სადაც სახელმწიფოს აქვს ამის შესაძლებლობა, მოქალაქეებს მიზნობრივად, სოციალურად დაეხმაროს.
„სამომხმარებლო მინიმუმი, როგორც ასეთი, ეკონომიკური პარამეტრი უკვე აღარ არსებობს, არ გამოიყენება არსად, პოსტ საბჭოთა სივრცეშიც, ერთადერთი ქვეყანა ჩვენ დავრჩით და ეს სამომხმარებლო მინიმუმი დასავიწყებელია.
სამომხმარებლო კალათა ცოტა სხვა თემაა. სამომხმარებლო კალათა არის შეფასებითი ერთეული, რომელსაც საქართველოს საქსტატი ადგენს და ამას უფრო მაკროეკონომიკური განზომილება აქვს. ის, რომ ლარის კურსს პირდაპირი სოციალური მნიშვნელობა აქვს, ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ სამომხმარებლო მინიმუმთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი, ლარის კურსი, რამდენიმე პუნქტით, დღეს, საქართველოში, უფასურდება, ამის სოციალურ ეფექტს თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს. ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისია და ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ამ კრიზისს მარტო ვერ გაუმკლავდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსზე წნეხი მინიმუმამდე დავიყვანოთ და იქ, სადაც სახელმწიფოს აქვს ამის შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს მიზნობრივად, სოციალურად დავეხმაროთ, ისე, როგორც გავაკეთეთ ენერგომატარებლების ნაწილში და კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.