24-12-2020
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაზე, რომელიც მოგვცემს საფრთხეების ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას, ასევე გამოიკვეთება უსაფრთხოების საბჭოს მაკოორდინირებელი ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, უშიშროების საბჭო იყო ცალკე, კრიზისების მართვა ცალკე, ეს ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ მარტო მოწესრიგება საკმარისი არ არის.
„ჩამოყალიბებულია ახალგაზრდების საკმაოდ კარგი გუნდი, რომლებიც მუშაობენ. რეალურად, ეს საკითხები, როგორც ასიმეტრიული, ისე ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის პრეროგატივაა და ის ახორციელებს მაკოორდინირებელ ფუნქციას. რა თქმა უნდა, ჩართულია უწყებების დიდი რაოდენობა, რომლებიც ფარავენ თავიანთ სფეროებს. ერთია, რომ მოგვარდა ორგანიზაციული ფორმა, მაგრამ მეორეა შინაარსობრივი და საკანონმდებლო ჩარჩო. ამიტომ, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის განახლებაზეც მუშაობენ. ამაზე მუშაობს არა მარტო აპარატი, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანამშრომლებიან და ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რომლის შემდგომაც იქნება როგორც საფრთხეების ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა, ასევე გამოიკვეთება უსაფრთხოების საბჭოს მაკოორდინირებელი ფუნქცია. ეს მიმართულება, კოორდინაცია ცოტა მოსუსტებული გვაქვს და ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ფუნქციები გაფანტული იყო სხვადასხვა უწყებაში. დაახლოებით მსგავსი პრობლემა გვაქვს ქვეყნის ჩამოყალიბებულ პოლიტიკაში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ეს ფუნქციაც ბევრ სხვადასხვა უწყებაშია გაფანტული და საჭიროა ამ ფუნქციების კოორდინაციაც მაკოორდინირებელი სტრუქტურის ქვეშ, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ასევე ძალიან ელოდებიან. ამან გააჩინა შეგრძნება, რომ საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრაში არ არის საკმარისად აქტიური. ეს ასე არ არის, ეს მხოლოდ და მხოლოდ აღქმებია, სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ეს ფუნქციები ბევრ სხვადასხვა უწყებაშია გაფანტული და მაკოორდინირებელი ფუნქცია აქაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელსაც უნდა ახორციელებდეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ საფრთხეების შეფასების განახლებული დოკუმენტი იქნება ის დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც უსაფრთხოების საბჭოს ორგანიზაციული ფუნქციონირება აშკარად გამოიკვეთება, რადგან რისკების სხვადასხვა დონეები არსებობს.
„ზოგ შემთხვევაში არც ერთ უწყებაში და მით უმეტეს უსაფრთხოების საბჭოში საკმარისი კომპეტენცია არ არის და სადღაც სხვაგან უნდა ვეძებოთ ეს კომპეტენცია, ამიტომ ეს ძალიან ფრთხილი, იუველირული სამუშაოა. გარდა იმისა, რომ შეიძლება გადაფარვებით არსებული უწყებების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, შეიძლება ვიღაცას ვაწყენინოთ კიდეც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.