გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია და ერთად განვაგრძოთ საარჩევნო რეფორმა, რომ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის

26-12-2020

„ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანია: რაც წარსულს ეხება მოდით ერთად გადავამოწმოთ ნებისმიერი პრეტენზია, ხოლო რაც მომავალს ეხება - ერთად ჩავატაროთ შემდგომი საარჩევნო რეფორმა და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, არჩევნების მიღწევა არის ის, რომ ის პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა და შედეგად, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია არის წარმოდგენილი.

„ასევე მოგვცა ის, რომ მეტი ქალი მონაწილეობს საპარლამენტო პროცესში, მეტი ქალი შევიდა პარლამენტში, მოგვცა ის, რომ კამპანია, თუ დააკვირდა საზოგადოება, ჩატარდა ნაკლები აგრესიით, ჩატარდა ბევრად უფრო პოზიტიურად და კონსტრუქციულ რეჟიმში, ვიდრე წინა საარჩევნო კამპანია იყო. ამიტომ, ზუსტად ამიტომ იყო, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ - ეუთოს და ოდირის მისიამ არჩევნები შეაფასა როგორც კონკურენტული, რომელიც ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან მმართველი გუნდის მთავარი შეთავაზება სწორედ საარჩევნო რეფორმის დასრულება იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი შეთავაზება მოლაპარაკებების მაგიდასთან სწორედ ეს იყო ოპოზიციის მისამართით, რომ რადგან 10 თვეში უკვე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მოდით დავასრულოთ საარჩევნო რეფორმა, ეუთოს რეკომენდაციები არის, გვაქვს, ასევე, ხარვეზებზე მითითება, რომელიც სამართლიან არჩევნებს უკავშირდება, გავატაროთ ეს ცვლილებები ერთად და მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აქ ჩვენი ქალაქების და სოფლების მოსახლეობა უშუალოდ წყვეტს, თუ ვინ იქნება მისი მუნიციპალიტეტის მერი და ვინ იქნება მისი წარმომადგენელი საკრებულოში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930