28-12-2020
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ი.მ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია და აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური და ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, არ არღვევს არც ერთი ბრალდებულ/მსჯავრდებულის უფლებებს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. კერძოდ, ბრალდებულის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა შემდეგი განცხადება:
„N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.“
ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. N8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დსასამართლო და ა.შ.) და რომელთა შორის არ არის ადვოკატი.
"კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების შესაბამის ღონისძიებებს რათა, თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა. შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად, ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, იმაზე საუბარი, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია, საფუძველს მოკლებულია. ი.მ.-ს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება" - აცხადებენ უწყებაში.