გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: პანდემიის დროს, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში საწარმოები იკეტება, საქართველოში დასაქმების ახალი კერა - „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა

28-12-2020

რუსთავში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თანამედროვე აღჭურვილობითა და დასაქმების მაჩვენებლებით გამორჩეული საწარმო საქართველოში გაიხსნა პანდემიის დროს, როცა მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში საწარმოები იკეტებოდა.

„გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საწარმო აშენდა რეკორდულ ვადებში - 4 თვის განმავლობაში მიდიოდა მშენებლობა და ერთი თვე დასჭირდა საწარმოს გაწყობა-ამოქმედებას. ეს მოხდა პანდემიის პირობებში, როდესაც სხვა ბევრ ქვეყანაში საწარმოები იკეტებოდა - სწორედ ამ დროს და განსაკუთრებით იმ ანტიკრიზისყული ღონისძიებების წყალობით, რაც ხელისუფლებამ გაატარა, „აჭარას ტექსტილმა,“ როგორც ჯგუფმა, შეძლო, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, გაეგრძელებინა მუშაობა. ამავდროულად, მათ მოიპოვეს საგარეო საექსპორტო ბაზრებზე ახალი კონტრაქტები და უფრო სწრაფად აღადგინეს ექსპორტი, ვიდრე მათმა გლობალურმა კონკურენტებმა - მაგალითად, „ნაიკტან“ კონტრქატი კომპანიამ სწორედ ამ პანდემიის დროს გააფორმა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმო 4 000 სამუშაო ადგილს შექმნის რუსთავსა და გარდაბანში. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საწარმოები ჩვენი დაბალანსებული, ანტიპანდემიური და ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე იხსნება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930