28-12-2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტი „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას“ შეუერთდა. ქარტიაზე ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოაწერა.
ხელმოწერის ცერემონია, დისტანციურად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელ ონლაინ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ქარტიაზე ხელი ბოლნისის გარდა კიდევ 14-მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა.
ქარტიის ხელმოწერით მუნიციპალიტეტები ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის მიზნით, სხვადასხვა ქმედითი ღონისძიებების გაატარების ვალდებულებას იღებენ.
„მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმომწერი გახდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს გენდერულ საკითხებს. მიგვაჩნია, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა. ჩვენ ვცდილობთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მეტი ქალი ჩავრთოთ. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი ერთნიკურად მრავალფეროვან სოფლებში, საინფორმაციო კამპანიას პერიოდულად ვახორციელებთ. ვფიქრობთ, ქარტიაზე ხელის მოწერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს გენდერულ პოლიტიკას და თანასწორობის მისაღწევად საჭირო პრიორიტეტებსა და შესაბამის ღონისძიებებს აქტიურად შევიმუშავებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.