გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანმა ვალისა და დეფიციტის შემცირების სამ სხვადასხვა სცენარზე ისაუბრა

29-12-2020

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარმოადგინა ვალისა და დეფიციტის შემცირების სხვადასხვა სცენარი.

საშუალოვადიან ბიუჯეტში წარდგენილი სცენარით, 2023 წელს დეფიციტი უბრუნდება მთლიანი შიდა პროდუქტის 3-პროცენტიან ნიშნულს და შემდგომ, ჩამოდის 2,5 პროცენტის დონეზე, თუმცა დეფიციტის შემცირება ნაწილობრივ კაპიტალური პროექტების ხარჯზე ხდება.

მისი თქმით, კაპიტალური ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 6,5 პროცენტის დონეზე ჩამოდის, ხოლო ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით, 57 პროცენტია, რაც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელია და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.

„იმ შემთხვევაში თუ კაპიტალურ ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე შევინარჩუნებთ, ამ სცენარით, დეფიციტის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე იქნება და ვალიც 63 პროცენტამდე გაიზრდება, რაც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი რეიტინგების გაუარესებასა და დამატებით ზეწოლას ეკონომიკაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ალტერნატიული სცენარით, იმისათვის, რომ ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტამდე შემცირდეს, აუცილებელია დეფიციტის მაჩვენებელი შემცირდეს 1-1,5 პროცენტამდე, რაც მინისტრის თქმით, კაპიტალური პროექტების ხარჯზე შეუძლებელია.

„კაპიტალური პროექტების ხარჯზე კონსოლიდაცია არაეფექტიანია. შესაბამისად, ვალის შესამცირებლად საჭიროა ალტერნატიული სტრატეგია“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიამა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე ხარჯების მოცულობითი შემცირება შეუძლებელია და ფისკალური კონსოლიდაციის და მის შედეგად ვალის შემცირების ერთადერთი გზა დამატებითი რესურსების მობილიზებაა.

„მიმდინარე ხარჯებით ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯით მსოფლიოში, თითქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა ვართ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, შევაფასოთ ყველა მსხვილი საბიუჯეტო პროგრამის ეფექტურობა, რომლის შედეგების გათვალისწინებით გადაიხედება ესა თუ ის პროგრამა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ხარჯების მოცულობითი შემცირება შეუძლებელია და ეს ვერ იქნება კონსოლიდაციის წყარო“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930