29-12-2020
საქართველოში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალა და შეფასებული იყო ძირითადად
დემოკრატიულ არჩევნებად. ეს არის ოფიციალური შეფასებები. რაც შეეხება სხვა ნაწილს - საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ქვეყანა არის პირველ ხუთეულში თუ არა ათეულში და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, არჩევნებისა და რეიტინგების შესახებ საერთაშორისო შეფასებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის მიღწევები, რაც არსებობს, არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიღწევა - ეს უამრავი ადამიანის, მათ შორის ოპოზიციის და წლების შრომის შედეგია.
„მე რაც ვიცი, თქვენ რაც იცით, ოფიციალურ წყაროებზე წვდომით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალა და შეფასებული იყო ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ეს არის ოფიციალური შეფასებები. რაც შეეხება სხვა ნაწილს - საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ქვეყანა არის პირველ ხუთეულში თუ არა ათეულში და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს. აღარ გავაგრძელებ სხვა საერთაშორისო შეფასებებს და რეიტინგებს. მე მესმის, რომ ჩვენ შეიძლება უკმაყოფილო ვიყოთ და გვინდოდეს უფრო მეტი. რა თქმა უნდა, ეს გასაგებია და ხშირ შემთხვევაში მისასალმებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მიღწევები, რაც არსებობს, რომელიც უამრავი ადამიანის, მათ შორის ოპოზიციის და წლების შრომის შედეგია, არ უნდა იყოს დაფასებული ან უნდა იყოს დისკრედიტირებული. ეს ხომ არ არის „ქართული ოცნების“ მიღწევა. ეს არის ქვეყნის მიღწევა და ვერასოდეს ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი იყოს მხოლოდ და მხოლოდ მასთან დაკავშირებული. ეს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესია, რომლის ბუნებრივი ნაწილია ხელისუფლებაც ოპოზიციაც და სამოქალაქო საზოგადოებაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.