გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 4 იანვრიდან განაახლებენ

30-12-2020

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 2021 წლის 4 იანვრიდან განაახლებენ და მოქალაქეებს კვლავ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. ფილიალები მხოლოდ შობის დღესასწაულზე - 7 იანვარის დაისვენებენ.

4 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოემსახურებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისის მიღება დისტანციურად, პორტალ my.gov.ge-ზე არ შეუძლიათ ან ესაჭიროებათ ისეთი მომსახურება, რომელიც დისტანციურად არ გაიცემა.

იუსტიციის სახლის სერვისების უმრავლესობა დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა, თუ მოქალაქე ვერ ახერხებს დისტანციურად სერვისებით სარგებლობას ან ისეთი მომსახურება სჭირდება, რომლისთვისაც ადგილზე ყოფნა აუცილებელია, მაგალითად, პირველადი პირადობის ელექტრონული მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის მიღება, მას შეუძლია, მიმართოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.

ისეთ გადაუდებელ მომსახურებას, როგორიც არის გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა, მოქალაქე კვირის დღეებში მიიღებს ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

რაც შეეხება დაბადების მოწმობას, კვირის დღეებში სერვისი გაიცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

2021 წლიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით იქნება შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე:

· ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge;

· პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.

მნიშვნელოვანია, რომ

· წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

· ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები 2021 წლიდან შაბათს და კვირას კვლავ არ იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, შაბათ-კვირას იმ სერვისების გაცემა, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ, დისტანციურად იქნება შესაძლებელი; კერძოდ, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შაბათ-კვირას ელექტრონული ფორმით გასცემს. მოქალაქეს, ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია სურს, შეუძლია, სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიმართოს. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონულ პორტალზე – www.my.gov.ge.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930