30-12-2020
„თუ ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობს უარს ამის გადამოწმებაზე?“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ოპოზიციამ თქვა, ცალსახად ამითი დაიწყო ყველაფერი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე ჩვენ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები. მეორე ნაწილმა თქვა, არჩევნები გაყალბდა, მაშასადამე უნდა ვკითხოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, სურს თუ არა ახალი არჩევნები. ხომ ეს იყო თავიდან მოცემულობა? ჩვენ ამაზე გვქონდა ძალიან დემოკრატიული პასუხი: ჩვენ ოპოზიციას ვუთხარით, მოდით ერთად გადავამოწმოთ, თუ დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ჩვენ მზად ვართ, თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოქმებს ხელს აწერს არა მხოლოდ ცესკოს და „ქართული ოცნების“, არამედ ოპოზიციის 11 ათასამდე წარმომადგენელიც, შესაბამისად, მათი ხელმოწერების გარეშე, ოქმების შეცვლა ან გადაკეთება შეუძლებელია.
„თუ თქვენ ახლა იმას მიმტკიცებთ, რომ 11 ათასმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გადაკეთებულ ოქმებს ჩვენს სასარგებლოდ მოაწერა ხელი, მაშინ გამოგყვებით მაგ დისკუსიაში, მაგრამ ოპოზიცია ამაში არ გამოგვყვა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„თუ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე? მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ უარს ამბობენ, ჩვენ მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, უფრო მეტიც და ამაზე ბევრად უფრო მძიმეც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გაყალბდა თუ არაო, უკვე კრიზისი დგას და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო. თქვენ გინდათ, ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც არჩევნების მერე, თუ რომელიმე პარტიას მისი შედეგები არ მოეწონება, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თქვენ უნდა წახვიდეთ და ხმა უნდა მისცეთ თავიდან, თავიდან უნდა უყუროთ ყველა ამ პროცესს, თავიდან უნდა დახარჯოთ ფული ამ ყველაფერში - გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება?“,- განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას არჩილ თალაკვაძემ.