გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარლ ჰარცელის წინასაახალწლო მიმართვა საქართველოს მოსახლეობას: თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ!

31-12-2020

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საახალწლო განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ: COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. მძიმე წელი იყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა, ასევე მათთვის, ვისაც თვითიზოლაციასა ან ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება მოუხდა.

მაგრამ ეს ასევე იყო წელი, რომელმაც თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დაგვაახლოვა. მე და ბევრ ჩემ ევროკავშირის თანამოქალაქეს ყოველთვის გვემახსოვრება საქართველოში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებით განათებული შენობები პანდემიის პირველი ტალღის დროს, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ნიშნად. მე ასევე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა.

ვამაყობ ჩემი თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავი შრომით შესაძლებელი გახადეს ამ დახმარების გაწევა. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად, „ევროპის გუნდის“ სახელით დააფინანსეს საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა, საავადმყოფოებს გადასცეს საჭირო აღჭურვილობა, დაეხმარნენ დაუცველ ადამიანებს და ბიზნესს და უზრუნველყვეს ის, რომ მათ, ვინც სხვებს ეხმარებოდა, საკმარისი რესურსი ჰქონოდათ.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ წელს უჩვეულოდ დიდი შრომა გასწია. ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. დიდი მადლობა.

2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.

საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით - ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე - შვედეთში.

2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში.

დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება.

ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი!
გილოცავთ ახალ წელს!" - ნათქვამია ჰარცელის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930