გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბავშვებისთვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 2500 ლარით დააჯარიმა

31-12-2020

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო 2500 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი სამაუწყებლო ბადეში არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის შეუსაბამო დროს და ასაკობრივი ნიშანდების წესების დარღვევით განთავსება გახდა. ამას გარდა, „ფორმულას“ დაევალა დაიცვას ბავშვის უფლებათა კოდექსი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და უზრუნველყოს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში განთავსება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დროს სათანადო ნიშანდებით, რათა მოზარდებზე მავნე ზეგავლენა არ მოახდინოს.

„ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას მოქალაქე გ. ყიფიანმა მიმართა. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მონიტორინგის შედეგად კი დადასტურდა, რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს” მაუწყებლის მიერ მინიჭებული აქვს უნივერსალური კატეგორია მაშინ, როდესაც პროგრამა 12 წლამდე პირებისათვის შეუფერებელ კატეგორიაში ექცევა. ამ კატეგორიის პროგრამა კანონის მიხედვით სამაუწყებლო ბადეში 21 საათის შემდეგ უნდა განთავსდეს, „ფორმულას“ კი იგი დღის საათებში ჰქონდა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლებმა 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ 6-დან 21 საათამდე დღის მონაკვეთში. ბავშვის უფლებათა კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მოზარდებს მაუწყებლებისა და ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან იცავს, მშობლებს კი, ეძლევათ მოქნილი მექანიზმი შვილები დაიცვან ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე არხის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა კომისიის წევრებს ფინანსური ჯარიმის ნაცვლად, გაფრთხილება გამოეყენებინათ, რაზეც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა.

„ჩვენი სურვილი არასდროს ყოფილა და არც ახლაა ჯარიმის გამოყენება სანქციის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კანონის შემუშავებაში პირდაპირ არ ვმონაწილეობდით, მთავარი შენიშვნა წერილობითაც გვაქვს დაფიქსირებული და ეს სწორედ ჯარიმის საკითხს ეხებოდა. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ჯარიმის თემა შეცვლილიყო, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონშია, რომ პირველ სამართალდარღვევაზე გაფრთხილება გამოგვეყენებინა. სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული და, როგორც იცით, პირველივე დარღვევაზე კანონი ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. ერთადერთი შემამსუბუქებელი არის ის, რომ კომისია აპირებს, ყველაზე მინიმალური ჯარიმა გამოიყენოს. რაც შეეხება სამომავლოდ როგორ უნდა მოიქცეთ, ის ფორმა, რაც მაუწყებლის წარმომადგენელმა ბრძანა, მისაღებია. გნებავთ გადაფარვა გამოიყენეთ, გნებავთ ამოჭერით ის მონაკვეთი, სადაც შეურაცხმყოფელი ლექსიკაა, ან დაიცავით საათობრივი ზოლი და 21:00 საათის შემდეგ განათავსეთ ასეთი გადაცემები და გაუკეთეთ სპეციალური ნიშანდება, რომ არ დაარღვიოთ კანონი“- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საჯარო სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930