გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ლორთქიფანიძე: პენიტენციურ სისტემაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება

6-01-2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა განცხადება.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ დეზინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინდა, ყველა დაგამშვიდოთ იმიტომ, რომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. კონტროლის ყველა ის მექანიზმი, რაც იყო ფილტრი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, გამოვლენას, ასევე, კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა და ეს ჩანს თუნდაც ჩვენ მიერ ბოლო დღეებში გატარებულ ღონისძიებებში“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება და ეს პროცესი გრძელდება.

„პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დავიწყეთ 31 დეკემბრიდან და გეგმაზომიერად მივყვებით ამ პროცესს. პირველ რიგში, PCR ტესტირებას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი შედეგით. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე, სადაც, ასევე, ჩატარდა PCR ტესტირება და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს პირი გადაყვანილი და იზოლირებულია, ასევე, მათი კონტაქტები, თანამესაკნეები. ყველა ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და ვიმეორებ, სისტემა კვლავ ეფექტურად ფუნქციონირებს. ხაზს ვუსვამ, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ აჟიოტაჟს და დეზინფორმაციას. და რატომ ვუსვამ ხაზს – ჩვენ ახლა პასუხისმგებლები ვართ ამ 9 ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ. არავითარი საფრთხე და შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930