გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2021 წლიდან ბიზნესისთვის დაწესებულ შეღავათებზე ისაუბრა

8-01-2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ასევე ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე.

„პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ამ ცვლილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა ბიზნესისთვის“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 270 მილიონ ლარს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან ტურისტული სექტორში, ასევეა სასტუმროები, რესტორნები და სხვა. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში შეადგენს 45 მილიონ ლარს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა), ეძლევათ უფლება ბიუჯეტში არ გადაიხადონ გასული წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავადებული საშემოსავლო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 ათასამდე პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 20 მილიონ ლარს.

როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე.

„რატომ არის ეს მუნიციპალიტეტები შერჩეული – ჩვენ ამ მუნიციპალიტეტებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა. დანარჩენ საქართველოში ეს შეზღუდული არ არის. პანდემიის გათვალისწინებით, პრევენციის მიზნით, მოხდა ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა ეს საქმიანობა. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, დღგ-ს დაბრუნება 2021 წელსაც გასული წლის მსგავსად მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.

„თქვენ იცით, რომ სრულ ავტომატურ მოდელზე გადავედით 2020 წლის ნოემბრიდან, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2021 წელს მილიარდზე მეტი თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდეს ჩვენს ბიზნესს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930