8-01-2021
იმ პირთა კატეგორიის, შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
გაცნობებთ, რომ დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით (განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის), 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან - 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილი დეკლარაციებით) და ბ) 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არაუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო). ამასთან, 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.
დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა, საქართველოს მთავრობის N 286 დადგენილებაში 2020 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული ცვლილება N 829(გთხოვთ იხილოთ დანართი)და ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/LawNewsxArchive?newsId=159
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8
აქვე, შეგახსენებთ, რომ 200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ განახორციელონ დისტანციურად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge
შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.
კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის დროულად მიაწოდონ უწყებას ზუსტი ინფორმაცია.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს" - ნათქვამია განცხადებაში.