12-01-2021
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვერცერთი მატერიალური სიკეთე ახლოს ვერ მოვა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობა, დაეხმარო შეჭირვებულს, შენს ხალხს, ქვეყანას. “ - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აქ საქმე მხოლოდ მატერიალურ რესურსში არ არის და არც უანგაროდ გაცემული სიკეთის მასშტაბი განაპირობებს ადამიანის სულიერ კმაყოფილებას.
„გარემოებათა გამო, მე მომეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივად და უწყვეტად დავხმარებოდი ადამიანების ფართო წრეს და ზოგადად ქვეყანას, მაგრამ არ ვთვლი, რომ რამით გამორჩეული ან ხარისხით აღმატებულია ის მორალური კმაყოფილება, რაც ამ პროცესმა მე და ჩემს მეუღლეს მოგვანიჭა, ვიდრე თუნდაც იმ ადამიანის განცდა, ვინც საკუთარი დრო დახარჯა, არ დაიზარა და გადასავლეზე გადაიყვანა ხელჯოხიანი მოხუცი, რის გამოც, შესაძლოა, სადმე დაიგვინა კიდეც. ასეა ადამიანი მოწყობილი - ნებისმიერი გულწრფელი ნაბიჯი, შეეხიდო და ყოფა შეუმსუბუქო სხვა ადამიანს, უდიდესი პოზიტიური ენერგიით მუხტავს მასვე, რადგან სიკეთის კეთების სურვილი ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით მას არასოდეს უცდია, ისეთი ხასიათის პროექტები დაეფინანსებინა, როდესაც თავად პროექტი ასრულებს ქველმოქმედისთვის დადგმული ძეგლის ფუნქციას და ძირითადად უკვე არსებულის, წინაპრების ან წინა თაობების მიერ უკვე შექმნილი, მაგრამ განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი კულტურული თუ მატერიალური მემკვიდრეობის მხარდაჭერაზე ზრუნავდა, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ერთადერთი, რაზეც საწყისი ეტაპიდან ზრუნავდა და რაც მოგვიანებით, პოლიტიკაში მონაწილეობამ შეუძლებელი გახადა, იყო საქველმოქმედო საქმიანობის აფიშირების მაქსიმალური გამორიცხვა.
მისივე თქმით, რესურსს მიმართავდა მაშინ და იმ მიმართულებით, როცა თვლიდა, რომ ამ რესურსის გარეშე, გადაუდებლად საჭირო საქმე ან ვერ გაკეთდებოდა, ან დაყოვნების გამო უკვე გაკეთებული განადგურდებოდა.
„სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაზეც საწყისი ეტაპიდან ვზრუნავდი და რაც მოგვიანებით, პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ შეუძლებელი გახადა, იყო საქველმოქმედო საქმიანობის აფიშირების მაქსიმალური გამორიცხვა. სხვა პრიორიტეტებს რაც შეეხება, დანარჩენი, თავისით, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოხდა - რესურსს მივმართავდი მაშინ და იმ მიმართულებით, როცა ვთვლიდი, რომ ამ რესურსის გარეშე, გადაუდებლად საჭირო საქმე ან ვერ გაკეთდებოდა, ან დაყოვნების გამო უკვე გაკეთებული განადგურდებოდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტიც მას მერე დავიწყეთ, როცა განათლების არსებული კერების რემონტზე ვიზრუნეთ. თქვენ ამ მიდგომას ხელწერა უწოდეთ, კი ბატონო, ერქვას ხელწერა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.