29-01-2021
„2021 წელს, რომელიც ჯერ კიდევ არსებული პანდემიისა და ეკონომიკის აღდგენის წელია, საბიუჯეტო მხარდაჭერა, ანტკრიზისული გეგმა, სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს, კვლავაც ლოკომიტივი იქნება ეკონომიკისთვის, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ბიუჯეტი გადატვირთულია სოციალური ხარჯებით და პროგრამებით, აქცენტი მეტად გადავა კერძო სექტორის ინიციატივაზე - კერძო ინვესტორი გახდება მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ეკონომიკის აღდგენის და პრივატიზების დაჩქარება ძალიან კარგად და ორგანულად ჯდება ამ გეგმაში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, 2021 წელს სრულად ვერ მოხდება ეკონომიკის აღდგენა კრიზისამდე არსებულ ვითარებამდე, ამიტომ მთავრობამ ყველა ბერკეტი უნდა აამოქმედოს იმისთვის, რომ კერძო სექტორი, ბიზნესი გამოცოცხლდეს, ადგილობრივმა და უცხოელმა ინვესტორმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.
„ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლეები და გეგმა, თუ რა შევთავაზებთ უახლოეს ერთ თვეში პოტენციურ ინვესტორებს, კერძო ბიზნესს პრივატიზების, წიაღის ათვისების, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის თვალსაზრისით. გუშინაც გვქონდა მსჯელობა პრემიერ მინისტრთან ამ თემებზე და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოვამზადებთ ძალიან დიდ პრეზენტაციას. როგორც თავის დროზე ძალიან კარგად იმუშავა ასი ქონების ბიზნესისთვის შეთავაზების პროგრამამ, ახლაც არაერთი ასეთი საინტერესო ინიციატივა გვექნება,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.