გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ჟვანიას კაბინეტიდან გაოგნებული გამოვედი; ტყეშელაშვილმა მითხრა, ზურას ოპოზიციაში წასვლის ამბავი აქვე დაივიწყეო - მარინა შენგელია

2-02-2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ჟვანის მეგობარი და თანამებრძოლი, მარინა შენგელია ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, სადაც პრემიერმა მას უთხრა, რომ ოპოზიციაში მიდიოდა.


შენგელიას განცხადებით, რომელიც მან გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა, ზურაბ ჟვანიასთან აღნიშნული შეხვედრა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა.


"2004 წლის გაზაფხულზე დამირეკა ზურა ჟვანიამ და მითხრა, პროფკავშირებისგან ქონება გადმოეცემა სახელმწიფოს, შეხვდი ეკონომიკის მინისტრს და ამ საქმეს მიხედეო.


მეორე დღესვე შევხვდი კახა ბენდუქიძეს და მან გადმომცა იმ ქონების ნუსხა, რომელიც პროფკავშირებისგან სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა. ეს იყო სანატორიუმები თავისი ინფრასტრუქტურით.


რადგან სანატორიუმების ნაწილში ჩვენი დევნილები იყვნენ შესახლებული და მათ იქიდან ვერ გავყრიდით, ზურას იდეა შევთავაზე - მოდი, დევნილები მიტოვებულ სოფლებში გავასახლოთ, სადაც სახლებს და საკარმიდამო ნაკვეთებს იაფად შევუძენთ, თანაც სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამას მივაბათ და დავასაქმოთ - მეთქი.


ზურას ეს იდეა ძალიან მოეწონა და მითხრა, - ყველა სიკეთესთან ერთად, დევნილების ხმები მომავალში გამომადგებაო! ბუნებრივია, გულისხმობდ, რომ მომავალში არჩევნებისთვის დასჭირდებოდა ამ ხალხის მხარდაჭერა.


ძალიან გამიკვირდა ზურას ეს სიტყვები, რადგან ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ძალიან ცოტა დრო იყო გასული და არ მეგონა, ასე მალე თუ გადაწყვეტდა ოპოზიციაში წასვლას.


ჟვანიას კაბინეტიდან გაოგნებული გამოვედი. გარეთ დათო ტყეშელაშვილი დამხვდა, რომელმაც მკითხა, ზურამ რა გითხრაო? ვუპასუხე, ასე და ასე მითხრა, მგონი ზურა ოპოზიციაში მიდის-მეთქი. ტყეშელაშვილმა გამაფრთხილა, ეგ სიტყვები აქ დაივიწყე, არსად წამოგცდესო.


როცა ზურა დაიღუპა გონებაში მაშინვე ამოტივტივდა ტყეშელაშვილის ეს გაფრთხილება. როგორც ჩანს მაშინ სწორად გამაფრთხილა, იცოდა, რამდენად სახიფათო იყო ეს თემა" - განაცხადა შენგელიამ.



p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930