3-02-2021
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე მისი შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ.
არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. წინა პროგნოზთან შედარებით, ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, რომელიც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა. ამასთან, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა ნარჩუნდება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და გაუფასურებული კურსის გამო. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იმპორტირებულ ინფლაციასა და შუალედურ ხარჯებს ზრდის. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ, მიუხედავად შედარებით ძლიერი შიდა მოთხოვნისა, ერთობლივი მოთხოვნა, საგარეო მოთხოვნის მკვეთრი კლების გამო, კვლავ შემცირებულია. თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო, გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირების დასრულებას, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი აქვს. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის შესახებ. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. თუმცა, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამორიცხავს.
წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა დეკემბერში წლიურად 7.9 პროცენტით შემცირდა, თორმეტი თვის საშუალო კი -6.1 პროცენტია. 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი და მისი მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება და 2021 წელსაც მცირე ზრდაა პროგნოზირებული. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, დეკემბერში წლიურად 93 პროცენტით შემცირდა. სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, საქონლის იმპორტი დეკემბერში წლიურად 18 პროცენტით შემცირდა. ასევე წლიურად 18 პროცენტით იკლო ექსპორტის მაჩვენებელმა დეკემბერში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 17 მარტს ჩატარდება.