17-02-2021
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაჩიე ჩურა ეწვივნენ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო), რათა გადასცენ კლინიკას 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება COVID-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის.
როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ჯანმო-ს ერთობლივი მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ოდენობის სამედიცინო მასალების მიწოდება, მათ შორის საქართველოს გადაეცა 1,8 მილიონ ერთეულზე მეტი პირადი დაცვისა და სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობა, როგორიცაა საიზოლაციო ხალათები, დამცავი სათვალეები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო ნიღბები, რესპირატორები და სხვა. ინიციატივის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგების სერია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით. ინიციატივის მიზანია COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე ეფექტური რეაგირების ხელშეწყობა და საქართველოში ჯანდაცვის სექტორის ზოგადი მზადყოფნის გაძლიერება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, თუ რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან. დღეს დამატებით მივიღეთ სასუნთქი აპარატები, სამედიცინო ხალათები და ხელთათმანები. ევროკავშირთან პარტნიორობა COVID პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო და აღსანიშნავია, რომ მათი მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო წარმატებით გაუმკლავდა ყველა რთულ პროცესს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის",- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჩვენი ერთობლივი პროგრამის დახმარებით, გადავცემთ ამ აუცილებელ აღჭურვილობას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ევროკავშირის სოლიდარობის ნიშანია საქართველოს მოსახლეობის მიმართ და იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს COVID-19- ის დასაძლევად. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მივესალმები საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდებას ევროკავშირის მხარდაჭერილი COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში, და, ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ახლახანს გამოცხადებულ თანამშრომლობას, რომელიც მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფს ვაქცინაციის მაქსიმალურად ეფექტურ განხორციელებას. ევროკავშირი მხარში უდგას საქართველოს ამ პანდემიის პერიოდში და გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას მანამ, სანამ ჩვენ ერთად არ გადავლახავთ ამ გამოწვევას და არ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
"COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დიდ იმედს გვაძლევს, მაგრამ სანამ ისინი საკმარისი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, სადაც განთავსებულნი არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები და, ასევე, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების დაცვით", - განაცხადა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ.
„ევროკავშირის ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას COVID-19 პანდემიის დროს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა ევროკავშირის მიერ გარანტირებული 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხი უზრუნველყო საქართველოს შვიდი ძირითადი საავადმყოფოს მოდერნიზაციისა და COVID-19-თან ბრძოლისთვის საჭირო აღჭურვილობის შესასყიდად. სესხი მოიცავს ვაქცინების შესყიდვას და ეფექტური მომარაგების ქსელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს COVID-19 პაციენტის ყოვლისმომცველ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მომსახურებას. ევროპის საინვესტიციო ბანკმა, როგორც ევროპის გუნდის წევრმა უზრუნველყო ევროპული მდგრადი განვითარების ფონდის მიერ გარანტირებული 400 მლნ ევროს დაფინანსება, რათა მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ეკონომიკის ქვეყნებს მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, COVAX–ის პლატფორმის ვალდებულებების ფარგლებში," -აღნიშნა მაჩიე ჩურამ, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
"ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.
ამ მხარდაჭერის ნაწილი ხორციელდება ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის" ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში და რომლის მეშვეობითაც კლინიკას დღეს გადაეცა სამედიცინო ვენტილატორები და პირადი დაცვის საშუალებები. ამ ინიციატივის ფარგლებში 2020 წელს:
საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოებისა და პირველადი დახმარების ობიექტებისათვის მიწოდებული იქნა 40 000 საიზოლაციო საიზოლაციო ხალათი; 20 000 დამცავი სათვალე; 5 000 სახის დამცავი ფარი; 1 082 000 სამედიცინო ნიღაბი; 328 000 რესპირატორი; 316 00 სამედიცინო ხელთათმანი და 29 ჟანგბადის კონცენტრატორი;
განსაზღვრულ საავადმყოფოებში ჩატარდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის შესაძლებლობების შეფასება და შესწავლილი იქნა მოსახლეობის ქცევა;
ჩატარდა ტრენინგები ჯანდაცვის ძირითადი პერსონალის, კურსდამთავრებული და მოქმედი ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიის სპეციალისტებისათვის;
ჩატარდა ტრენინგები პრევენციის ზომებზე მაღალი რისკის ჯგუფებისათვის, მათ შორის სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისა და აგრარული ბაზრების მოვაჭრეთათვის;
თბილისსა და ბათუმში მომზადდა პირველადი ჯანდაცვის 50 სპეციალისტი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მომსახურების მიწოდებაში;
სეროპრევალენტობის კვლევამ გააანალიზა 6 200 ნიმუში თბილისსა და რუსთავში, რათა მოსახლეობაში მოძიებული იქნას SARS-CoV-2–ის წინააღმდეგ ანტისხეულები.
გარდა ამისა, ევროკავშირი და ევროპის გუნდი, მათ შორის ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან COVAX-ის პლატფორმისა, რომლის საშუალებითაც საქართველო მიიღებს პირველ ვაქცინებს. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა განაცხადეს პლატფორმისთვის 870 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხის გამოყოფის შესახებ" - აცხადებენ წარმომადგენლობაში.