გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თინა ხიდაშელი: ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ვითარება მძიმეა და პარტიის ხელმძღვანელობა ვერ უმკლავდება არა მარტო საკუთარ პარტიას, არამედ იმ ძალაუფლებას, რომელსაც ფლობს

26-04-2018

როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ვითარება ძალიან მძიმეა და პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა ვერ უმკლავდება არა მარტო საკუთარ პარტიას, არამედ იმ ძალაუფლებას, რომელსაც ფლობს, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ძალაუფლებისთვის ბრძოლის კომპონენტშია წესრიგი დასამყარებელი ხელისუფლებაში და ამისთვის ბრუნდება ივანიშვილი.

„უდაოდ, ძალიან საინტერესო მოვლენის წინაშე ვართ. ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებამდე ჩვენ ყველანი მას სწორედ პოლიტიკაში დაბრუნებას ვთხოვდით, მაგრამ მაშინ მან ეს არ ჩათვალა საჭიროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ ივანიშვილის მაშინდელი განცხადება, როდესაც თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა უკან, თუკი ვითარება ძალიან ცუდად იქნებოდა და გაჩნდებოდა მისი დაბრუნების აუცილებლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს მისი მხრიდან მარცხის აღიარებაა, რომ მათ ვერ შეძლეს იმ პროცესის წარმატებით წაყვანა, რომელიც სწორედ წარმატების მოლოდინში დატოვა თავის დროზე ივანიშვილმა. ის გამოდის ღია პოლიტიკურ ასპარეზზე. საჯარო სივრცეში ბრუნდება, როგორც პასუხისმგებელი ყველაფერზე - ცუდზეც და კარგზეც - რაც ქვეყანაში ხდება. მას მოუწევს ღია პროცესში მონაწილეობის მიღება, კითხვებზე პასუხების გაცემა და ეს მხოლოდ და მხოლოდ გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930