2-03-2021
„ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებას ასოცირებული პარტნიორების მიმართ. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები არის ევროკავშირის ყურადღების ცენტრში", - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა, რომლის ფარგლებშიც სტუმარმა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა. შარლ მიშელმა ასევე, საოკუპაციო ხაზი მოინახულა, ეწვია სოფელ ხურვალეთს.
როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრებზე სიღრმისეული მსჯელობა გაიმართა ჩვენს წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.
„სწორედ, ამ კონტექსტში, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული მზაობა, პირადად ჩაერთოს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში და ევროკავშირმა შეასრულოს მედიატორის როლი ამ პროცესში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის უპრეცედენტო გამოხატულებას და უმნიშვნელოვანეს გზავნილს წარმოადგენს პოლიტიკური აქტორებისთვის. მისივე განცხადებით, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილური განვითარება, დემოკრატიული პროცესების კანონიერ ჩარჩოებში წარმართვა, არის მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით და მონაწილეობით, გუშინ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან გამართულ შეხვედრაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყველა ის საკითხი გაჟღერდა, რაც პოლარიზებულ გარემოს ქმნის ქვეყანაში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართოს დიალოგის რეჟიმში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 16- 17 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა და საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან, პირადად გამოითქვა სურვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაგრძელდეს მუშაობა დიალოგთან დაკავშირებულ საკითხებზე და იგი პირადად არის დაინტერესებული ნახოს პროგრესი ამ დროისთვის", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე ისაუბრა შარლ მიშელის მიერ საოკუპაციო ხაზის მონახულებაზე, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თავად ნახა თუ როგორ გამოიყურება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ და თუ რა მძიმე შედეგები მოაქვს მას მოსახლეობისთვის. ასევე, რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას რუსული შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა. „ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ, დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ასევე, პირადად გამოხატა მზაობა, რომ დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს კოვიდ 19-თან ბრძოლის საკითხებში, ვაქცინის მოწოდების თემა გახლდათ შეხვედრებზე ერთ-ერთი საკითხი და შარმ მიშლის განცხადებით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს ვაქცინა, დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, რაც უპირობოდ წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური აღდგენის წინაპირობას", - განაცხადა მაკა