27-04-2018
„წარმოიდგინეთ ძნელად აღსაზრდელთა სკოლა, სადაც კლასში სხედან ბავშვები და მასწავლებელი გადის კლასიდან. წარმოიდგინეთ, რა ხდება ამ დროს?”, – ამგვარი მეტაფორა მოჰყავს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეს გია ხუხაშვილს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პარტიულ თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ ვკითხეთ.
„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მისი შეცდომების აღიარებას ნიშნავს”, - გვეუბნება გია ხუხაშვილი. ასეთი შეფასება გულისხმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ წევრები, რომელთაც პარტიასთან ერთად ქვეყნის მმართველობა აბარიათ, საქმეს თავს ვერ ართმევენ. ამიტომაც დაინახა საკუთარი საჭიროება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა, მოქალაქემ, რომელმაც 2012 წელს მმართველობა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩაიბარა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის პოსტის გადაბარების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ეს იმ დრომდე, ვიდრე, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „მეორედ მოსვლა“ არ დადგებოდა. მეორედ მოსვლის შესახებ ახლა ოფიციალურად გაცხადებულია.
„ძალის ცენტრი, ხელისუფლებასა და პოლიტიკას თავი რომ გავანებოთ, არის ბიძინა ივანიშვილი. ის იყო ერთადერთი მაკონსოლიდირებელი ძალა ამ ქაოსში. მას შეუძლია ყველაფრის დალაგება. ის იძულებულია დაბრუნდეს. საყოფაცხოვრებო ენით რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ კლასი ძნელად აღსაზრდელთა სკოლაში, რომლიდანაც მასწავლებელი გავიდა. რა ხდება ამ დროს? ბავშვები თავზე იმხობენ ყველაფერს: ზოგი სკამის ფეხს ურახუნებს მეორეს, ზოგი მერხზე ჩხაპნის და ასე შემდეგ, იწყება ქაოსი. ვერ განვითარდნენ პარტიაში ისე, რომ ეგრძნოთ პასუხისმგებლობა, ამიტომ მასწავლებელი იძულებულია დაბრუნდეს კლასში. ამ ეტაპზე ვართ“, - ამბობს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება იმაზე მიუთითებს, რომ პარტია ისე ვერ განვითარდა, როგორც ამას მისი უმთავრესი დამფუძნებელი ვარაუდობდა. „მას ეგონა, რომ ბავშვებს დაამთავრებინა სკოლა, ყველაფერი წესრიგშია და შეუძლიათ დამოუკიდებლად არსებობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მერხზე ჩხაპნისა და მუჯლუგუნების გარდა, ვერაფერი ისწავლეს, ვერ განვითარდნენ“.
ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებაზე განცხადება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. „ბიძინა ივანიშვილს სურს პარტიის თავმჯდომარის რანგში შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს. უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე მალე ყრილობა. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც პოლიტ–საბჭო, ისე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ. შესაბამისად, არჩეული იქნება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაკი ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო დაბრუნდეს, როგორც მხოლოდ პარტიის ლიდერი, ეს პარტიული საკითხების მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია და კავშირი არ აქვს პოლიტიკურ კრიზისთან, რის თაობაზეც ოპონენტები საუბრობენ.
შიდა პრობლემები „ქართულ ოცნებაში“ თვალსაჩინო მართლაც იყო. ამის შესახებ მეტყველებდა „ძველების“ და „ახლების“ შერკინება, ბოლოდროინდელი სკანდალური განცხადებები პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით, პოლიტიკური „გაბუტვებისა“ და პოლიტიკური მობიდიშების თანხლებით. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ წარმონაქმნს, არც თუ ისე დიდი პოლიტიკური ისტორია აქვს. თავდაპირველად ის პოზიციონირებდა როგორც დიდი კოალიციის მცირე ნაწილი, მოგვიანებით კი მმართველ პარტიად ჩამოყალიბდა და უამრავი განსხვავებული გემოვნებისა და პოლიტიური მრწამსის მქონე ადამიანი გააერთიანა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის გაძლიერებისთვის დრო არ აქვთ პრემიერ–მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს, ამიტომ ამ მიმართულებას ბიძინა ივანიშვნილი მიხედავს: „მცირე პრობლემებს, რაც უმრავლესობაში იყო, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ნამდვილად არ უკავშირდება. ამ საკითხების მოგვარება შეიძლებოდა ამის გარეშეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ეფუძნება მის სურვილს აქტიურად ჩაერთოს პარტიის განვითარების პროცესში. დღეს საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდება პოლიტიკურ პროცესებს, როგორც პარტიის „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებების თანახმად, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა რეალურად როგორ გადაახალისებს „ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი, ეს მხოლოდ მან იცის.