6-03-2021
ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩუბინიძის შეფასებით, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული ქმედებაა.
„ჩემთვის გასაოცარი იყო საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, ანზორ ჩუბინიძე დადის კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება. ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია, როგორმე მოსდონ ჩირქი თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით, დასდონ მათ რაიმე ბრალი, თუნდაც აბსურდული“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.