30-03-2021
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პუტინთან ერთად ყველა ოკუპანტია, ვინც ქართულ მიწებს ითვისებს. მათ შორის შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას, მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც დაასახელა.
გადაცემაში სტუმრობისას პოლიტიკოსმა ჟურნალისტს მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი.
გთავაზობთ სტილისტურად კორექტირებულ სტენოგრამულ ფრაგმენტს გადაცემიდან:
შალვა ნათელაშვილი: ახლა ისე გამოდის, რომ ინგა გრიგოლია იცავს ქვეყნის ინტერესებს და შალვა ნათელაშვილი წინააღმდეგია ქვეყნის ინტერესებისა. იყავით ჩუმად, თორემ რომ გაგაუპატიურებენ ყველას სახლში უცხოელები, მტრები და ოკუპანტები პოლიტიკურად, მერე ნახავთ... გააგრძერლეთ ასეთი მოღალატეობრივი საქმიანობა და მიხვალთ გამარჯვებამდე...
ინგა გრიგოლია: "სოკარის" მიერ დაფინანსებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ჩემთან მიმართებაში ეს ძალიან არარელევანტური და უხერხულია..
შ.ნ. აგერ გეჯდათ "სოკარისგან" დაფინანსებული გიგა ბოკერია და მერე ძიძიგური გამოვა ხუთი პარტია რომ გამოიცვალა მხედრიონიდან, მრგვალი მაგიდიდან, პატარკაციშვილიდან, მიშა სააკაშვილიდან ივანიშვილამდე...
აი, ეს არის უბედურება, რომ თქვენ არა ხართ ქვეყნის ელიტა, თქვენ ხართ ქვეყნის მოღალატე! არ გიყვართ თქვენი ხალხი, თქვენ გიყვართ თქვენი ჯიბე და თქვენი ცხოვრება პირადი...
ი.გ. მე არ მივაკუთვნებ ჩემ თავს ამ ქვეყნის ელიტას, თუ ჩემთან მიმართებაში ამბობთ...
შ.ნ. ელიტაზე ვამბობ მე. იმ ელიტის აზრს ახმოვანებთ. არაფერი არ გამოგივათ ასე, ვერც სახელმწიფოს ააშენებთ, ვერც თავს დაიცავთ, საქართველოს წაიღებენ ყვავ-ყორნები. კი ბატონო, იდიპლომატეთ, სიმართლეს ნუ იტყვით, მარტო ერთ მხარეს დაინახეთ სიმართლე, მეორე მხარეს დაინახეთ სინათლე, მაშინ, როცა იქ სიბნელეა და აბა ვნახოთ, სად წახვალთ...
ი.გ. კარგით, გეყოფათ, დავასრულოთ... მე არაფრით მეგონა, რომ თქვენ მე ახლა გამომაცხადებდით ერის მოღალატედ, მე თქვენ გთხოვეთ დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობა ლარის კურსთან, ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. თქვენ თვითონ წარმართეთ ეს საუბარი...
შ.ნ. რა დროს სოციალური პრობლემებია, გართმევენ მიწას, გართმევენ სალოცავს და თქვენ ამბობთ, რომ ეს ოკუპაცია არ არისო, ეს ძალიან კარგი, რბილი ფორმის გაუპატიურება არისო და არ ვაღიარებ ამას მე რბილი ფორმის გაუპატიურებად, ოკუპაციად ვაღიარებ... ვერ შევთანხმდებით ამაზე და თქვენ იარეთ თქვენი გზით...
ი.გ. კი, ბატონო, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი რეაქცია, ისევე, როგორც მე მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი რეაქცია...
შ.ნ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი ჭუტა და თქვენი ხაზარაძე...
ი.გ. მადლობა სტუმრობისთვის და გულწრფელად გეტყვით, შეგიძლიათ თამამად გამოაცხადოთ, რომ თქვენ ხართ პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მე პირდაპირ ეთერში ერის მოღალატეობა დამაბრალეთ, ვწუხვარ... კარგად ბრძანდებოდეთ!