31-03-2021
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს დაბადებიდან 79 წელი შეუსრულდებოდა.
ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა.
ის ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს გამსახურდიას და კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. ზვიად გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველყოვლისა კი — ქართველების უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა თვითგამოცემებს (ჟურნალები: "საქართველო" , "ოქროს საწმისი" , "საქართველოს მოამბე" და სხვა).
გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად (თვითგამოცემის სახით) გამოიცა რუსი დისიდენტი მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" ("Amnesty International") წევრებად. მოგვიანებით გამსახურდია აირჩიეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHR-IGFM, შტაბ-ბინა მდებარეობს მაინის ფრანკფურტში) წევრად. გარდა ამისა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა მოსკოვში გამომავალ დისიდენტურ, თვითგამოცემით ჟურნალში "მიმდინარე ამბების ქრონიკა" (რედაქტორი: ს. კოვალიოვი).
დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1-ელ აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.
დღიდან გათავისუფლებისა (1979) ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას პატიმრობიდან მერაბ კოსტავას დასახსნელად, რაც მოხერხდა 1987 წელს.
გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.
მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".
1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის ძალებს შორის. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.
სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ამ უკანასკნელებს, უწოდა მათ „ანტიეროვნული მოძრაობა" და შექმნა პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
ბლოკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა";
აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი. 1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.
1989 წელს სისხლიანი კონფლიქტი გაჩაღდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე ქართველ და კრემლისადმი ლოიალურ ოს მოსახლეობას შორის. სამხრეთ ოსეთის რეგიონულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ოლქი საქართველოს გამოეყოფოდა და შექმნიდა "საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკას". საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა.
სამმხრივი დაპირისპირება რეგიონში ქართულ, ოსურ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს შორის 1991 წლის მარტისთვის დასრულდა 51 ადამიანის დაღუპვით და 25 000 ადამიანის იძულებით გადასახლებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ გამსახურდიამ დაგმო ოსების გადაწყვეტილება, როგორც რუსეთის მაქინაცია საქართველოს წინააღმდეგ, და ოსი სეპარატისტები კრემლის აგენტებად, მის ხელსაწყოებად და ტერორისტებად გამოაცხადა. 1991 წლის თებერვალში მან მიხეილ გორბაჩოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოითხოვდა საბჭოთა არმიის ნაწილებისა და საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტის გამოყვანას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან.
გამსახურდიას ოპონენტები მწვავედ აკრიტიკებდნენ მას, როგორთ თავად უწოდებდნენ "მიუღებელი დიქტატორული ქცევისთვის", რაც მის პრეზიდენტად არჩევამდეც იყო მისი კრიტიკის საგანი. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ორი სხვა მინისტრი გადადგნენ გამსახურდიას პოლიტიკის პროტესტის ნიშნად. ეს სამი მინისტრი ოპოზიციას შეუერთდა, უწოდებენ რა მას "დემაგოგსა და ტოტალიტარს". ემოციურ სატელევიზიო გამოსვლაში, გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი მტრები ქვეყნის შიგნით ჩართული იყვნენ "საბოტაჟსა და ღალატში".
გამსახურდიას გამოხმაურება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის მიმართ დამატებითი კრიტიკის საგანი გახდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ, საქართველოს მთავრობამ და უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოწოდეს საქართველოს მოსახლეობისას შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, დარჩენილიყვნენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე და გაეგრძელებინათ საკუთარი საქმეები და არ აყოლოდნენ პროვოკაციებს ან არასანქციონირებულ ქმედებებს. მომდევნო დღეს გამსახურდიამ მოუწოდა საერთაშორისო ლიდერებს ეღიარებინათ რესპუბლიკები (მათ შორის საქართველო), რომლებმაც თავი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. მან საჯაროდ განაცხადა 21 აგვისტოს, რომ პუტჩი თავად მიხეილ გორბაჩოვის ჩაფიქრებული იყო, რათა საკუთარი პოპულარობა გაეზარდა საბჭოთა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "სასაცილო" (ინგლ. ridiculous) უწოდა.
სიტუაცია უფრო გაამწვავა 23 აგვისტოს რუსული სააგენტო ინტერფაქსის მიერ გახმაურებულმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც გამსახურდია შეუთანხმდა საბჭოთა ჯარების მმართველობას საქართველოს ეროვნული გვარდიის განიარაღებაზე. ეროვნული გვარდიის მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები თბილისიდან გაიყვანა 24 აგვისტოს. ამ დროისთვის პუტჩი მოსკოვში ჩავარდა და გამსახურდიამ სახალხოდ მიულოცა ბორის ელცინს პუტჩისტებზე გამარჯვება საქართველო ამ გადატრიალებას გადაურჩა სისხლისღვრის გარეშე, თუმცა მისი ოპონენტები აკრიტიკებდნენ მას არამკაფიო პოზიციისთვის.
აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციამ, რომელსაც წარმომადგენელი სტენი ჰოიერი უძღვებოდა, საკუთარ ანგარიშში განაცხადა, რომ არსებობდა "ადამიანთა უფლებების მწვავე პრობლემები ახალი მთავრობის შიგნით, რომელსაც არ სურდა მათი გადაჭრა ან ცნობდა მათ ან საერთოდ რამის გაკეთება ამაზე ჯერ". ამერიკელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რაც ხელს უშლიდა საქართველოს საყოველთაო საერთაშორისო აღიარებას. საქართველო უკვე აღიარებული იყო რამდენიმე ქვეყნის მიერ (რუმინეთი, თურქეთი, კანადა, ფინეთი, უკრაიანა, ბალტიისპირეთის ქვეყნები), თუმცა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა ის ფორმალურად მხოლოდ 1991 წლის შობისთვის აღიარა.
პოლიტიკური უთანხმოება მწვავე წინააღმდეგობაში გადაიზარდა 2 სექტემბერს, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია თბილისში პოლიციამ დაარბია. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეროვნული გვარდიის გაყოფა პრო-და ანტისამთავრობო ნაწილებად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაფორმალურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის უდიდესი იყო "მხედრიონი", ქალაქში ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.
1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა.
მოგვიანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის ყოფილი მოადგილე, გენერალი სუფიან ბეპაევი მიუთითებდა, რომ 1991 წლის 24 და 28 დეკემბერს, როდესაც შეიარაღებული ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, აღნიშნული სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს. მძიმე ბრძოლები თბილისში გრძელდებოდა 1992 წლის 6 იანვრამდე, რის გამოც სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა.
6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და აზერბაიჯანში გაიქცნენ, თუმცა იქ მათ თავშესაფარი ვერ მიიღეს. სომხეთმა გამსახურდია მცირე ხნით მიიღო და უარი განაცხადა მის ექსტრადიციაზე საქართველოში. საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას საშუალება მისცა რუსეთის სეპარატისტულ რეგიონში, ჩეჩნეთში, გაქცეულიყო, სადაც მას ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფარი მისცა.
მოგვიანებით გაჩნდა მტკიცებები, რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას საბჭოთა ჯარები უწყობდნენ ხელს. 1992 წლის 15 დეკემბერს რუსულმა გაზეთმა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი ვიცე-ხელმძღვანელს, გენერალ-პოლოვნიკ სუფიან ბეპაევს გაგზავნილი ჰქონდა ქვედანაყოფი სამხედრო ოპოზიციის დასახმარებლად. მათ ჩაურევლად, გაზეთის მტკიცებით, "გამსახურდიას მომხრეების გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა". გაზეთი ასევე ამტკიცებდა, რომ ოპოზიციას ასევე დაეხმარა სპეც. ნაწილი 28 დეკემბერს სატელევიზიო ანძის აღებაში.
მთავრობა დროებით შეცვალა სამხედრო საბჭომ. მისი ერთ-ერთი პირველი განკარგულება გამსახურდიასთვის პრეზიდენტის წოდების ფორმალური ჩამორთმევა იყო. სამხედრო საბჭომ მოგვიანებით თავი "სახელმწიფო საბჭოდ" გამოაცხადა და ხელმძღვანელად ედუარდ შევარდნაძე მოიწვია 1992 წლის მარტში. ძალაუფლების შეცვლა განხორციელდა, როგორც fait accompli, რაიმე ფორმალური რეფერენდუმისა ან არჩევნების გარეშე. შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, როგორც "დე ფაქტო" პრეზიდენტი, სანამ 1992 წლის შემოდგომაზე არ ჩატარდა არჩევნები, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
სამხედრო გადატრიალების დღეებში, 1991 წლის 25 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დე-იურედ სცნო კიდევ 20-მა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (რომელმაც დე-ფაქტოდ საქართველოს სუვერენიტეტი სცნო 1991 წლის 9 აპრილსვე).
სამხედრო გადატრიალების დღეებში და მის შემდეგაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში სისტემატურად მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საპროტესტო, მშვიდობიანი მიტინგები და დემონსტრაციები. არსებობს მტკიცებები ზოგიერთ ამ მომიტინგეთა წამებისა და დახვრეტის შესახებ.
სამხედრო გადატრიალების შემდგომ ორგანიზაციამ "მხედრიონმა" და გვარდიამ წამოიწყეს გამსახურდიას მომხრე რეგიონების დარბევა, რამაც განსაკუთრებით მწვავე სახე მიიღო სამეგრელოსა და აფხაზეთში. ამან კიდევ უფრო მწვავე გახადა დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც თანდათანობით შეიარაღებულ წინააღმდეგობად გადაიქცა და შეამზადა გამსახურდიას დაბრუნება საქართველოში.
1993 წლის ოქტომბრის დამლევს, ჩეჩნეთიდან დაბრუნებული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ.
1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ). 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა მათი სიზუსტის დადგება ვერ ხერხდება.