8-04-2021
„ტურიზმის აღდგენის გარეშე იმ ეკონომიკური ორმოდან, რომელშიც ახლა ვართ, ვერ ამოვალთ. ეკონომიკური კრიზისი და ლარის კურსის ვარდნა პანდემიასთან ერთად არ დაწყებულა: 2012 წელს ჩვენი ჯამური მშპ იყო 16,5 მლრდ დოლარი და 2019 წელს იყო 17,4 მლრდ დოლარი. ანუ, ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად არ გვქონია. 2012 წლიდან 2020 წლამდე ჩვენი ეკონომიკა რეგრესშია! როცა ეკონომიკა არ იზრდება, არაფერი იზრდება - არც ხელფასი, არც პენსია, არც სოციალური შემწეობა. პირიქით, საშუალო ხელფასები შემცირებულია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისათვის - ეს არის ჩვენი რეალობა, უკან მივდივართ!
შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოხსნას პოლიტიკური კომენდანტის საათი და გადავიდეს ქმედით ნაბიჯებზე! მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, დავსახავდი პანდემიასთან ბრძოლის მოკლევადიან გეგმას: დღეში 20-30 000 აცრილი ადამიანი გვეყოლებოდა ქვეყანაში, დავაჩქარებდი ვაქცინაციას, რაც დღეს ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს და ამდენი ხნის განმავლობაში მოსახლეობა უკვე სრულად აცრილი უნდა გვყავდეს, გავხსნიდი საზღვრებს და ტურისტებსაც ჩავუტარებდი ვაქცინაციას. ამ ყველაფერთან ერთად, მოვხსნიდი კომენდანტის საათს - დღეს ეს შეზღუდვები არსებობს იმისთვის, რომ ხალხი ვერ გამოვიდეს გარეთ და ვერ გამოხატოს პროტესტი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაამატოს კიდევ ერთი ბარიერი, რათა თავიდან აირიდოს მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი!“ - განაცხადა კახა ოქრუაშვილმა.