7-05-2018
ბოლო დღეებში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც არსებული ინფორმაციით უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა. ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (ეფედრინი) კავშირი ბოლო დღეებში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ექიმების ნაწილის მტკიცებით, კლინიკის მიხედვით (დაღუპულ ადამიანთა უმრავლესობა ძილში გარდაიცვალა) ახალი „მკვლელი“ ნარკოტიკი ეფედრინი არ არის, არამედ ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ის, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდება.
„მკვლელი მარილი“ ნარკოტიკის სახელწოდების ქართული ვერსიაა. იგულისხმება ნარკოტიკი „აბაზანის მარილი“ (bath salts), რომელიც ცნობილია ასევე სინთეტიკური კათინონების(synthetic cathinones), ფსიქოაქტიური „აბაზანის მარილის“ (psychoactive „bath salts“ (PABS)) სახელწოდებებით. აღსანიშნავია, რომ მას საერთო არ აქვს შესაყნოს მარილთან - არომატულ ნაზავთან, რომელსაც გულწასული ადამიანის მოსასულიერებლად იყენებენ.
„აბაზანის მარილი“ - ევფემიზმია, სინთეტიკური ნარკოტიკების არაფორმალური აღმნიშვნელი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს შერეულ კათინონებს, რომლებსაც, თავის მხრივ, ამფეტამინის და კოკაინის მსგავსი ეფექტი აქვს. ნარკოტიკს, რომელსაც თეთრი კრისტალების ფორმა აქვს, ეს სახელი ისეთ ლეგალურ პროდუქტებთან გარეგნული მსგავსების გამო უწოდეს, როგორიცაა, მაგალითად, ინგლისური მარილი. თუმცა ქიმიური შემადგენლობით მას საერთო არაფერი აქვს ნამდვილ „აბაზანის მარილთან“.
ევროკავშირის ქვეყნებში „აბაზანის მარილების“ შეფუთვაზე შეიძლება იყოს წარწერა, რომ ის „ადამიანის მოხმარებისათვის არ არის“, რაც სინთეტიკური პრეპარატების მწარმოებლების აზრით, ევროკავშირის კანონმდებლობისთვის (რომელიც ნარკოტიკების ბრუნვას აკონტროლებს) გვერდის ავლის საშუალებაა.
ეს სინთეტიკური ნარკოტიკია (Designer drug) ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის მიზნით ქმნიან. ისინი რაიმე ნატურალური ნივთიერების სინთეტიკური შემცვლელია, ორიგინალის ნარკოტიკულ თვისებებს სრულად იმეორებს და როგორც წესი, მისი ანალოგია. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თუ ნარკოტიკი შეინარჩუნებს რეცეპტორებზე ზემოქმედების უნარს, მას „სასურველი“ ეფექტი ექნება და იმავდროულად, არ იქნება აკრძალული კანონით. მაგალითად, ქიმიის სპეციალისტს შეუძლია ოდნავ შეცვალოს ჰეროინის მოლეკულა და მიიღოს იმავე თვისებების მქონე ახალი ნარკოტიკი, ხოლო ამ ახალი ნაზავის დევნა კანონით შეუძლებელი იქნება. სინთეტიკურ ნარკოტიკს ყიდიან შავ და ნედლეულის ბაზრებზე.
ისეთი კათინონი (ნორეფედრინი), როგორიცაა ეფედრინი, ბუნებაში მცენარე კათის ფოთლებშია. ეს მცენარე გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკისა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. პირველად მსგავსი ნაერთების სინთეზი შექმნეს 1920-იან წლებში, მაგრამ 21-ე საუკუნემდე მათ შესახებ არავინ იცოდა, ვიდრე ისინი ხელხლა არ აღმოაჩინეს და დაიწყეს მათი ფართოდ გამოყენება სინთეტიკური ნარკოტიკის წარმოებაში, რომელთა შემადგენელი ნივთიერებები ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალული არ იყო.
2009 და 2010 წლებში სინთეტიკური კათინონების გამოყენების ფაქტები იზრდება თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.
ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლის რეალიზებაც დაიწყო „მკვლელი მარილის“ სახით, პირველად აშშ-ის მთავრობის ყურადღების ველში მოექცა 2010 წელს ტოქსიკური ცენტრებისათვის მომზადებული ანგარიშების გამოჩენის შემდეგ. განსხვავებით ევროპისაგან, სადაც „მკვლელ მარილს“ ძირითადად ავრცელებდნენ ნარკომოვაჭრეები და ვებგვერდები, ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ბენზინგასამართ სადგურებთან პატარა მაღაზიებსა და მოსაწევი აქსესუარების მაღაზიებში ჰყიდდნენ, რამაც ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ვიდრე თამბაქო და ალკოჰოლი.
აშშ-ში „მკვლელ მარილთან“ დაკავშირებით ტოქსიკოლოგიურ ცენტრებში მიმართვის სტატისტიკა 2010 წლის 304 შემთხვევიდან 2011 წელს 6138 შემთხვევამდე გაიზარდა. 2012 წლის ივნისისთვის ასეთი მიმართვების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.
კვლევების თანახმად, ამ ნარკოტიკის მომხმარებლებისთვის დამახასიათებელია: აღგზნებადობა (82%), აგრესიული ქცევა (57%), ტაქიკარდია (56%), ჰალუცინაცია (40%), პარანოია (36%), ცნობიერების არევა (34%), მიოკლონია (19%), მაღალი არტერიული წნევა (17%), ტკივილი გულის არეში (17%), კრეატინკინაზას აქტიურობის ზრდა (9%), თვალის გუგის გაფართოება (13%), ჰიპოკალიემია (4%), მხედველობის ფოკუსის დაკარგვა (3%), კატატონია, იგივე მოძრაობის ფსიქიკური მოშლილობა (1%).
„მკვლელი მარილით“ ზედოზირების გარე სიმპტომები ჰგავს ფსიქოსტიმულატორებით ზედოზირების სიმპტომებს და მოიცავს თვალის გუგების გაფართოებას, კუნთების უნებლიე მოძრაობას, გახშირებულ გულისცემას და მაღალ არტერიულ წნევას. ასევე დოკუმენტურად დაფიქსირებულია „მკვლელი მარილის“ გამოყენებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობის უამრავი შემთხვევა.
„მკვლელ მარილს“, როგორც წესი, მოიხმარენ პერორალურად (ყლაპვით) და ინტრანაზალურად (შეყნოსვით), ასევე მოწევით და ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციით. ყველაზე მძიმე შედეგები დაკავშირებულია ამ ნარკოტიკის ინტრანაზალურ და ინექციით მიღებასთან. სინთეტიკური კათინონებით ინტოქსიკაცია იწვევს სიკვდილს.
„მკვლელი მარილი“ ხშირად შედგება ისეთი კათინონებისაგან, როგორებიცაა მეთილენდიოქსიპიროვალერონი (MDPV), მეთილონი და მეფედრონი, თუმცა ქიმიური შემადგენლობა შეიძლება განსხვავებული იყოს და ერთნაირი სახელწოდების პროდუქტები შეიცავდეს პიროვანელონის შემცვლელებს. ევროპაში ყველაზე გავრცელებული სინთეტიკური კათინონია მეფედრონი, ხოლო აშშ-ში MDPV-ი.
მეფედრონი, მეტილონი და სხვა სინთეტიკური ნაზავები (როგორც წესი, სინთეტიკური კათინონები) ონლაინ-მაღაზიებისა და ინტერნეტ-ფორუმების საშუალებით რეალიზებული სხვადასხვა ნარკოტიკების მთავარ კომპონენტებად იქცა.
დღესდღეობით „მკვლელი მარილის“ მოხმარებაზე კონრეტული სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მეფედრონი, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებებს შორის (კანაბისის, MDMA-ის და კოკაინის შემდეგ) მე-4 ადგილზე გახლდათ.
„მკვლელ მარილს“ ვერ პოულობენ მეძებარი ძაღლები და არ ვლინდება ორგანიზმში შარდის სტანდარტული ანალიზით. მათი აღმოჩენა შესაძლებელია თმის და შარდის ანალიზის დროს, თუ ის ტარდება გაზის ქრომატოგრაფიის გამოყენებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „აბაზანის მარილი“ აკრძალულია 41 შტატში. მისი არალეგალური სტატუსი აშშ-ში დაფიქსირებულია კონტროლირებადი პრეპარატების შესახებ კანონის (Controlled Substances Act) „I სიაში“.
2009 წელს ის აკრძალეს ჯერ შვედეთსა და დანიაში, შემდეგ გერმანიაში.
2010 წლის აპრილში, დიდ ბრიტანეთში 1971 წლის კანონის Misuse of Drugs Act-ის შესაბამისად ყველა შერეული კათინონი აკრძალეს, თუმცა მალე გაჩნდა ახალი სინთეტიკური ნარკოტიკები. მათგან ზოგიერთი აღიარეს ლეგალურ პრეპარატებად არალეგალური კომპონენტებით. კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის მიზნით სინთეტიკურ ნარკოტიკებს, მაგალითად მეფედრონს აღწერენ, როგორც „აბაზანის მარილს“ და „სასუქს“, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთიერებებს მანამდე არავინ იყენებდა აბაზანის მარილების ან სასუქების სახით.
დიახ. 4 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტი და აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების ვრცელ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე ნივთიერება დაუმატა. სიაშია ეფედრინიც. საქართველოში აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების სია შეგიძლია იხილოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge