19-05-2021
სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტპატიმარმა, კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, სულხან მოლაშვილმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით იმ ფაქტებისა და დარღვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის მინისტრობის დროს აღმოუჩინა.
როგორც ცნობილია, სააკაშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ ამის გამო დააპატიმრა სულხან მოლაშვილი, რომელიც ციხეში სასტიკი წამების მსხვერპლი იყო, საპატიმროს დატოვების შემდეგ კი დიდხანს აღარ უცოცხლია:
"ჩვენს მიერ აღმოჩენილი მასალები დროს უძლებს, ხანდაზმული არ არის. ისეთ დანაშაულებთან გვაქვს საქმე, რომ დღეს მიუბრუნდება ამას სამართალდამცველი ორგანო თუ ხვალ, მნიშვნელობა არ აქვს.
ეს არა მარტო სააკაშვილს ეხება, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც პასუხი უნდა აგოს.
სააკაშვილმა თავისი ყროყინ - სიცილით თითქოს "გააფარჩაკა" ეს მასალები, როდესაც თქვა, რომ მოლაშვილმა 200 ლიტრი ბენზინის დანაკარგი მიპოვაო.
არა ბატონო! იქ იყო ასიათასობით ლარის დანაკარგი. დროშებითაც კი ფულს აკეთებდნენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი ვითომ ხუთჯვრიანი დროშების დასამზადებლად გამოყვეს, მაშინ როცა ეს პარტიული დროშა იყო და არა სახელმწიფო დროშა.
დასკვნაში არის ასიათასობით ლარის მგზავრობისა და სამივლინები ხარჯები, ჟურნალისტების წაყვანა და დასვენება სტრასბურგში, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში.
შემდეგ, ოთხვარსკვლავიან სასტუმროს თაკილობდნენ, ხუთვარსკვლავიანში გადადიოდნენ და კვირაობით რჩებოდნენ იქ.
მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს თვეში 50 ათასი ლარის სატელეფონო საუბრის დანახარჯი გამოსდიოდა.
არის სერიოზული მასალები პატიმართა ულუფების მითვისების შესახებ. სააკაშვილი პატიმრებს "ბალანდას" ართმევდა. არ იყო ეს დანაშაული? არ უნდა გამოძიებულიყო?
თუმცა ეს მასალები არარაობა იქნება იმასთან შედარებით, რასაც აწი მოიკვლევს და დადებს ნებისმიერი მიუკერძოებელი აუდიტი (ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წელს. რედ).
უამრავ დანაშაულს აეხდება ფარდა, გაიხსნება სამართალდამცავი ფონდის ხარჯები, გამომზეურდება შეიარაღებაში, გზების დაგებაში, თბილისის კეთილმოწყობაში, ჯანდაცვაში მოპარული ფულები.
რა ფულს ხარჯავენ "ბუდა-ბარში" ყოველ საღამოს სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები? იკითხეთ და ნახავთ, რომ თითოეულ საღამოში გაწეული ხარჯი 8 ათას ლარზე ნაკლები არ არის" - განაცხადა მოლაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით