7-05-2018
“სომხეთის მოვლენების პარალელურად საქართველოშიც საინტერესო პროცესები მიმდინარეობს: პოლიტიკაში ბრუნდება მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბოლო წლებში „რუხ კარდინალსა“ და ქვეყნის „ჩრდილოვან მმართველს“ უწოდებენ”-ამის შესახებ სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
რამ გამოიწვია ქართულ პოლიტიკაში ოლიგარქის ხელახლა გამოჩენა?
ბოლო ხუთნახევარი წლის განმალობაში „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაიმე სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია - ვერც პოლიტიკურ არენაზე და ვერც ეკონომიკის სფეროში.
რუსეთთან ურთიერთობა ვერ გამოსწორდა, ეკონომიკაში საქმე ცუდადაა. ქართული ლარი უფასურდება: ამას წინათ მისი ისეთი დევალვაცია მოხდა, რაც ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ისევ თავი წამოჰყო კორუფციამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა რეპრესიული მეთოდებით დაამარცხა (მართალია, დაბალ დონეზე, მაგრამ მაინც).
ბოლო დრეებში ხმები გავრცელდა „ქართულ ოცნებაში“ მომხდარ განხეთქილებაზეც. ამას ემატება ჰოლანდიაში უკრაინის ხელისუფლების მიერ გაძევებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც, რომელსაც თავს „სამშობლოს მხსნელად“ აცხადებს. სხვათა შორის, ამას წინათ ნაპრეზიდენტალს ამსტერდამში რამდენიმე ოპოზიციურ ქართული პარტიის ლიდერებთან მოლაპარაკებაც გაუმართავს.
აბა, სხვა რა უნდა ექნა შექმნილ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილს? მან გააკეთა ის, რაც გააკეთა: გამოვიდა ჩრდილიდან, რათა სიტუაცია გამოასწოროს. სხვაგვარად არც იქნებოდა: მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა საქართველოს, მოლდოვას და სომხეთს თავს მოახვია მმართველობის საპარლამენტო ფორმა, ამ ქვეყნების ხალხები, თავიანთი განსაკუთრებული მენტალობის საფუძველზე, უფრო მეტად მაინც მკაფიოდ გამოკვეთილ ლიდერებს, ძლიერ პიროვნებებს მიჰყვებიან, ვიდრე ზოგადად პარლამენტ-მთავრობების წარმომადგენლებს. ამ დროს მოსახლეობა ვიღაცის მტკიცე ხელმძღვანელობით ვიღაცის წინააღმდეგაც ერთიანდება ხოლმე. უახლოეს პერიოდში საქართველოს ისედაც ელოდებოდა პოლიტიკური შეტაკება (მართალია, ირიბად, მაგრამ მაინც) ევროპაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან და ერთადერთი, რაც მისი პოლიტიკური რესტავრაციის წინააღმდეგ შეიძლებოდა გაკეთებულიყო, სწორედ მძიმეწონიანი ფიგურის, ფულიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა იქნებოდა. საერთოდ კი, კაცმა რომ თქვას, მილიარდერი მაინც მთავარი მოქმედი პირი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტობის კანდიდატად ამჟამინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება.
თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ტრიუმფალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან 2012 წლის დროინდელი „ქართული ოცნება“ ისევ ოცნებად დარჩა.. უფრო მეტსაც ვიტყვით: იმდროინდელ ქართულ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად სჭირდებოდა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საბრძოლველად მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა. საეჭვოა, რომ ოლიგარქმა იგივე ტრიუმფის გამეორება შეძლოს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ქვეყანაში განვითარებული სიტუაციის ფონზე საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ლოგიკური გარდამტეხი ნაბიჯი გადადგა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის რესტავრაციული გეგმების ჩაშლა შეუძლია.