18-12-2017
მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იყოს იდენტიფიცირებული და ჰქონდეს საყურე ნიშანი. საყურე ნიშანზე დატანილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან მონაცემთა ბაზაში და მოიცავს სრულ ინფორმაციას პირუტყვის შესახებ. აღნიშნული სისტემის დანერგვა ხორციელდება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად და ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას, “ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას.
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, ფერმერთა ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას 2017 წლის ივლისიდან ატარებს. ვეტერინარებს, სასაკლაოს წარმომადგენლებს, ფერმერებს და ხორცის დისტრიბუტორებს საკანონმდებლო სიახლის შესახებ ეცნობათ და გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო მასალები. სასაკლაოს ვეტერინარებს ჩაუტარდათ შესაბამისი სწავლება. საინფორმაციო კამპანია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. დღევანდელი მონაცემებით, 3 მილიონამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას (NAITS), რომელიც სისტემის დახვეწას და სრულყოფას ითვალისწინებს. კანონმდებლობა იხილეთ: http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5607.pdf; http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5589.pdf