გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების ახალი წესი და საკონკურსო პროცედურები დამტკიცდა

3-06-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ გამოიცა ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ".

ახალი წესის დამტკიცების შედეგად გამარტივდა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის პროცედურები და შემცირდა ვადები, რაც სამინისტროს მიერ სხვადასხვა სფეროს ხელშეწყობისა და განვითარების წინაპირობაა. კერძოდ, პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 კალენდარულ დღეს, ნაცვლად აქამდე განსაზღვრული 45 კალენდარული დღისა. ამასთან, ახალი წესის შესაბამისად, კულტურის ხელშეწყობის პროცესის მოქნილობისათვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, საქმის წარმოებაში გამოიყენება ელექტრონული ფოსტა და საბუთების ხელზე ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. ელექტრონულად წარმოებული მიმოწერა და მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტაცია სამინისტროს მიერ დაარქივდება მატერიალური სახით, ზოგადი წესების შესაბამისად. ახალი წესის მიხედვით, ასევე გაუქმდა ე.წ. მოხსენებითი ბარათების ინსტიტუტი, რადგან ეს ბიუროკრატიული მექანიზმი სამინისტროს შიგნით პროცედურებს ართულებდა და ვადებს ახანგრძლივებდა.

ახალი ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა დღემდე მოქმედი ორი სხვადასხვა ბრძანება, რომელიც კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების საკითხებს არეგულირებდა. ამიერიდან, დაინტერესებული პირები ერთიანი აქტით იხელმძღვანელებენ, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სამინისტროსთან ურთიერთობას გაუადვილებს. ახალი ბრძანებით, ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული, გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა, ნაცვლად აქამდე მოთხოვნილი ყველა ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანებისა. მოცემული შეღავათიც სისტემის მოქნილობას შეუწყობს ხელს.

ახალი წესის თანახმად, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე დამტკიცდა. კერძოდ, დაფინანსების ახალი წესი ეხება ყველას, განურჩევლად პროექტის განმახორციელებელი პირის სტატუსისა, მათ შორის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს. შესაბამისად, კონკურსის ან ექსკლუზიური პროექტის დაფინანსების დროს, ამ უკანასკნელთათვის აღარ იარსებებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პროცედურები და სამინისტროს ორგანიზაციებიც ზოგად წესებს დაექვემდებარებიან (ხელშეკრულების გაფორმება; ანგარიშგება და სხვ.).

ინფორმაციისთვის, დაფინანსების ახალი წესი ორ პროგრამას შეეხება (კულტურის ხელშეწყობისა და მუზეუმების ხელშეწყობის პროგრამები) და არეგულირებს მათ ფარგლებში საკონკურსო და არასაკონკურსო (ექსკლუზიური ან სამინისტროს მიერ ინიცირებული) პროექტების დაფინანსების პროცედურებს.

საკონკურსო პროექტის შესაფასებლად სამინისტროში დგება საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში თითოეული კონკურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, წევრის სტატუსით უნდა მონაწილეობდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება ხორციელდება 30 ქულის ფარგლებში, შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან და სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან;
პროექტის მოსალოდნელი შედეგის გაზომვადობა (მდგრადობა);
ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებაში;
შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება;
პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის რეალურობა.
აღსანიშნავია, რომ კომისიამ შეიძლება პროექტის სრულად, ან ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930