გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ATC ქარხანა საქართველოსა და ისრაელს შორის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივად შექმნის პროცესში პირველი მერცხალია

10-05-2018

93 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და 300 ახალი სამუშაო ადგილი თბილისში - მაღალტექნოლოგიური, სამხრეთ კავკასიაში მსგავსი მასშტაბის პირველი ავიანაწილების საამქროს, ATC-ის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

 

თანამედროვე სტანდარტების ერთობლივი საწარმო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანია „Elbit Systems”-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი პროექტია, Boeing-თან, Bombardier-თან და Airbus-თან ითანამშრომლებს.

 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ახლადგახსნილი მაღალტექნოლოგიური საწარმო პირველი მერცხალია საქართველოსა და ისრაელს შორის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივად შექმნის პროცესში.

 

„ეს არის პირველი ყველაზე მსხვილი ებრაული ინვესტიცია საქართველოში. კარგია, რომ ეს დაემთხვა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს 70 წლის იუბილეს და თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს, თორემ, მოგეხსენებათ, ორივე სახელმწიფო გაცილებით უფრო დიდი ხნისაა. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ერთობლივი საწარმოს გახსნა ასევე დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას - საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკის სამინისტროების მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. დღეიდან დაიწყება მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც დადებს შედეგს. დარწმუნებულნი ვართ, რომ შედეგი დადებითი იქნება, საუბარია მხოლოდ ვაჭრობის რაოდენობრივ მაჩვენებლებში გამოხატვაზე. ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა დღეს ქარხნის გახსნაზე განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობა სულ რამდენიმე წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს მიაღწევს. დიდი იმედი მაქვს, ამ სავაჭრო ხელშეკრულებით და ასეთი ინვესტიციებით ეს რეალობა გახდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე - „საპარტნიორო ფონდს“.

 

„ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ეს პროექტი დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს და გაგრძელდა უკვე ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. რამდენიმე წელს მიმდინარეობდა ძალიან ინტენსიური მუშაობა და შედეგად მივიღეთ ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო. გილოცავთ ამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან მიღწევას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930