გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კვლევა: ხელოვან ადამიანებში შიზოფრენიის რისკი მაღალია

11-05-2018

"ფსიქიატრიის ბრიტანულ ჟურნალში” გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მდიდარი წარმოსახვის მქონე, შემოქმედებით (ე.წ. კრეატიულ) ადამიანებში შიზოფრენიის დიაგნოზის შანსი დაახლოებით 90 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.

კვლევა აჩვენებს, რომ მდიდარი წარმოსახვის ადამიანს საავადმყოფოში ბიპოლარული აფექტური აშლილობით მოხვედრის შანსი 62 პროცენტით მეტი აქვს, დეპრესიით - 39 პროცენტით მეტს. ლონდონის კინგსის კოლეჯის კვლევის მიხედვით, ამ დაავადებების განვითარების რისკი უმეტესად იმ ადამიანებში იკვეთება, ვისაც უმაღლესი განათლების დიპლომი ხელოვნების რომელიმე დარგში აქვს აღებული.

ახალმა კვლევამ შვედეთის მთელი მოსახლეობის, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის და ისლანდიიდან 86 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლა. ისლანდიელებს შორისაც შიზოფრენიასთან და ბიპოლარულ აშლილობასთან ისეთი ადამიანების გენეტიკური კავშირი გამოიკვეთა, რომლებიც პროფესიით უმეტესად მხატვრები, ან მუსიკოსები არიან. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია ხდება მაშინ, როცა ადამიანები საშუალოდ 34-36 წლის ასაკის არიან.

ნაშრომის კრიტიკოსებს პრეტენზიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად განმარტავენ ავტორები მდიდარი წარმოსახვის ქონას და რამდენად სწორად აჯგუფებენ ამ ტიპის ადამიანებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, შერლი კარსონმა ბრიტანულ მედიას უთხრა, რომ განმარტება იდეალური ვერ იქნება, რადგან ხელოვნებისადმი მიდრეკილ ყველა ადამიანს არ აქვს მუსიკოსის, ან მხატვრის დიპლომი და ისინი შეიძლება სულ სხვა სფეროში მოღვაწეობდნენ.

რაც შეეხება პროფესიით მხატვრებს და მუსიკოსებს, კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორს ჯერემი ჰოლსი მათ ურჩევს, არ ინერვიულონ. ის ამბობს, რომ ხელოვნების მუშაკებს ურჩევდა იმას, რასაც ყველა სხვას, ვისაც ფსიქიკური აშლილობის შიში აქვს: „არ მოწიოთ მარიხუანა და ეცადეთ ჯანსაღი წესით იცხოვროთ”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, შიზოფრენია მძიმე ფსიქოზური აშლილობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 21 მილიონ ადამიანს აქვს. ის გარშემო არსებული რეალობის, თუ საკუთარი თავის ადეკვატურად აღქმაზე მოქმედებს და ხშირად ხასიათდება ვიზუალური და/ან ხმოვანი ჰალუცინაციებით. დაავადება უმეტესად ვლინდება ორგანიზმის ზრდის და ჩამოყალიბების გვიან ფაზაზე, ან ზრდასრულ ადამიანში.

დღეს შიზოფრენიის მკურნალობის ბევრი ეფექტური საშუალება არსებობს და დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ შანსი იყონ პროდუქტიულები და საზოგადოებაში ინტეგრირებულები. ოღონდ, ამისთვის უმჯობესია, რომ მათი მოვლა სტიგმატიზაციის გარეშე, ოჯახის და გარშემომყოფების, მთელი თემის ჩართულობით და ხელშეწყობით მოხდეს - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930