გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ვიმედოვნებთ, შესაძლებელი გახდება რუსეთთან დიალოგის რეჟიმზე გადასვლა

11-05-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახლადარჩეული თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გასული, არასრული 6 წლის განმავლობაში ქვეყანამ მთელი რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
ეს განცხადება ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გააკეთა, სადაც ის, პოლოიტიკიდან რამდენიმეწლიანი დისტანცირების შემდეგ, კვლავ პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.


„მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დგომა. დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ, როდესაც შენს ხალხზე და ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, საკუთარ თავთან გაჯიუტება არასწორია.


დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი ანგარიში წარმოვადგინო, მითუმეტეს, რომ ეს ჩემი პრეროგატივა არაა, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, სიამაყით გავუსვა ხაზი სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ მოკლე დროში, არასრულ 6 წელიწადში მიაღწია.
პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა. დღეს საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისგან თავისუფლები არიან. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს იყო ჩვენი ხალხის ძირითადი ამოცანა, ისინი დემოკრატიული გზით ირჩევენ ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებენ სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას. დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოცილალური ინსტირუტი -კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო, აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდათ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველოში ბიზნესი დაცული და თავისუფალია, რაც ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის საფუძველია, რაც ჩემთვის ბედნიერებაა“-განაცხადა ივანიშვილმა.


მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობისა და რყევების მიუხედავად, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით საქართველო, კაპიტალდაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია.
ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზაციის კუთხით. რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, წარმატებას მივაღწიეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობრიობით აღსავსე პროცესში და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი, ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენია.


თვალშისაცემია წინსვლა საგარეო მიმართულებით. არასდროს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ახლა. ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა.


საგრძნობლად გაღრმავდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის.


და ბოლოს... უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე არაპროგნოზირებად, ტერორიზმსა და გლობალურ სამხედრო კონფლიქტის საშიშროების წინაშე მდგარი მსოფლიოს პირობებში, როდესაც არნახულად მაღალია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების დაპირისპირების ხარისხი, ჩვენ შევძელით საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა და ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება“-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930