19-06-2021
„არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა კონკრეტული პოზიციები. ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიხვეწა და პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საგამოძიებო კომისია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ, კითხვის ნიშნების გაჩენის ყოველგვარი საფუძველი გაქრება.
„რაც მთავარია, გამოიკვეთა პოზიცია, რომ მომზადებული კანონპროექტი და ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება პარლამენტში, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მონაწილეობით და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც რამდენიმე თვეში ჩატარდება", - აღნიშნა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ.