12-05-2018
სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ამ პოსტზე არჩევის შემდეგ პირველად ისაუბრა საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ფაშინიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს.
„საქართველო მეგობარი სახელმწიფოა. საქართველოსა და სომხეთის ძმური ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და ახლო პარტნიორები. ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.
ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ზოგჯერ ჩვენს ურთიერთობებზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები და სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გავლენა ყოველთვის პოზიტიური არ არის. ზოგჯერ გვაქვს ნეგატივი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ის მიიჩნევს, რომ საქართველომ და სომხეთმა ისეთი ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბონ, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება. სომხეთსა და საქართველოს პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს და ჩვენ უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა სფეროში, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც უნდა გაღრმავდეს“, – განუცხადა ნიკოლ ფაშინიანმა პირველ არხს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს, 11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. აქციების ორგანიზატორი და ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს.