გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ინალ ხაშიგი: საიდან უნდა მოიტანოს აფხაზეთმა მილიარდი?-შესაძლოა, გამოსავალი საქართველო-აფხაზეთს შორის ვაჭრობის ლეგალიზება იყოს

12-05-2018

ინტერნეტპორტალი jam-news.net - ი ავრცელებს სოხუმის მკვიდრის, ინალ ხაშიგის თვალსაზრისს აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან ლეგალური ვაჭრობის შესაძლებლობის შესახებ.


მიუხედავად იმისა, რომ ავტორის მიერ მოყვანილი პოლიტიკური სტატუსები, ტერმინები და ფორმულირებები ჩვენთვის მიუღებელია, მასალას უცვლელად გთავაზობთ:


"აფხაზეთის პარლამენტი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ შესრულდა 2017 წლის ბიუჯეტი და პროკურატურას მთავრობის მუშაობის შემოწმება დაავალა. მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებული მილიარდ ორასი მილიონი რუბლი [დაახლოებით $19 მილიონი], ისევ მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.


პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ არ ჩაღრმავებოდა ბიუჯეტის გარღვევის მიზეზებს. გასასამართლებელი არგუმენტი ჰქონდა – 2017 წლის ბიუჯეტი პარლამენტის ამ შემადგენლობას არ დაუმტკიცებია. დეპუტატებმა ამ საკითხის გადაწყვეტა პროკურორებს გადააბარეს. პროკურორები რაიმეს აუცილებლად მოიფიქრებენ – რაღაც ბუნდოვან, რთულ ფორმულირებებს ჩამოწერენ ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მაგრამ ამავდროულად ყველა კმაყოფილი დარჩება.


თუმცა, ერთი მთავარი საკითხი მაინც მოუგვარებელი დარჩება – ეს ბიუჯეტი და ეკონომიკა სოციალური ვალდებულებებს ნამდვილად ვერ შესწვდება, ამიტომ საიდანმე დამატებითი მილიარდია მოსატანი.


დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ იტყვის, საიდან უნდა მოიტანონ ეს მილიარდი – ვერც ახლა, და ვერც 2018 წლის ბოლოს, როდესაც ახალი ბიუჯეტის დამტკიცების დრო მოვა. იმიტომ, რომ მილიარდის საშოვნელად საჭიროა მკვეთრი, არაპოპულარული და თან ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა. ასეთი ნაბიჯებისთვის კი, არც მთავრობა და არც თითქმის ოპოზიციაში გადასული პარლამენტი მზად არ არის.


ამ ფონზე, აფხაზეთის რიგით მესამე პრეზიდენტი, დამატებითი შემოსავლების ძიებისას, ფრთხილად აცხადებს, რომ საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ვაჭრობის ლეგალიზება აუცილებელია. ხაჯიმბა პირველი არ არის, ვისაც ეს აზრი გაუჩნდა. ამის შესახებ სერგეი ბაღაფში ლაპარაკობდა, მის შემდეგ – ალექსანდრ ანქვაბი. ახლა კი გაკვრით ახსენებს რაულ ხაჯიმბაც; და ალბათ მომდევნო პრეზიდენტებიც იგივეს იტყვიან.


ეს იმიტომ ხდება, რომ ეს განცხადება არავის არაფერს ავალდებულებს – ყველანაირი ვალდებულებისგან დაცლილ რიტუალად იქცა, რომელსაც საქმე არასოდეს არ მოჰყვება.


თუ რატომ, ეს გასაგებია. თუკი, აფხაზეთის საბაჟო, რომელიც უკვე 20 წელია საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მუშაობს, უეცრად საზღვარზე გადატანილი საქონლიდან გადასახადის აკრეფას დაიწყებს, ეს დიდ შეშფოთებას გამოიწვევს აფხაზურ საზოგადოებაში. ამ გადაწყვეტილების მიმღები პრეზიდენტი, შესაძლოა, ძელზე გააკრან და მოღალატედ გამოაცხადონ.


ანუ მტერთან ოფიციალურად ვაჭრობა — მოღალატეობაა. არაოფიციალურად კი — შეიძლება.


აფხაზური ბაზრის საქართველოდან შემოსული კონტრაბანდული საქონლით გავსება, და ამით ჩრდილოვანი ეკონომიკის შენარჩუნება – ეს მშვენივრად ჯდება აფხაზური პატრიოტიზმის ჩარჩოებში. აი, ოფიციალური ვაჭრობა კი – არა.


საქართველოდან შემოტანილი საქონელი არც თვალს ჭრის ვინმეს და არც ყურს, მაგრამ ამ კონტრაბანდისთვის ბოლოს მოღებისა და ვაჭრობისთვის ლეგალური ფორმის მიცემის ნება არ არსებობს. არადა, ამით არამხოლოდ ეკონომიკის ჩრდილიდან გამოყვანაა შესაძლებელი, არამედ ფულის შოვნაც, და ამ სახსრებით თუნდაც ზოგიერთი სოციალური პრობლემის მოგვარება, მათ შორის მედიცინის სფეროში – აფხაზეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გამგზავრებული აფხაზების ნაკადი ხომ ყოველწლიურად იზრდება.


სხვათაშორის, პატრიოტების გასაგონად ისიც უნდა ითქვას, რომ არაოფიციალური ვაჭრობის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს, სრულიად შეესაბამება ქართულ დოქტრინას იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორია საქართველოს ეკონომიკური სივრცის შემადგენელი ნაწილია და რომ ამ სივრცის შიგნით საქონლის გადაადგილებას არავითარი ბაჟი არ ედება.


იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რაიმე ჯადოქრობით აფხაზეთის ხელისუფლება შეძლებს ქართულ კონტრაბანდას გზა სრულად გადაუკეტოს, ეს არ იქნება გამოსავალი. ვაჭრობა ხომ უფრო მომგებიანია, ვიდრე ამის არგაკეთება. თუნდაც მტერთან.


მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, მას აღარ უნდა ჰქონდეს მუდმივი კომპლექსი საქართველოსთან მიმართებაში. ლოგიკურად, ყველაფერი სულ პირიქით უნდა იყოს – არასრულფასოვნების კომპლექსს ჩვენს მიმართ სწორედ საქართველო უნდა განიცდიდეს, რადგან ის თავს ომში დამარცხებულად მიიჩნევს, ჩვენ კი, შესაბამისად, თავს გამარჯვებულებს ვუწოდებთ.


თუმცა, ჩვენში ეს ლოგიკა თავდაყირა დგას. და საბოლოოდ, ქვეყნის შენების პროცესს მთლიანად „პატრიოტული“ რიტორიკა წარმართავს.
ჩემი რწმენით კი, რეალური პატრიოტიზმი ის არის, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის ცხოვრების ღირსეული დონე უზრუნველვყოთ.
მეკითხებით, საიდან მოიტანოთ მილიარდი? გპასუხობთ – ის ცხვირწინ გიდევთ"-ნათქვამია სტატიაში.



ფოტოზე: ერთ-ერთი სახლის აივანი ტყვარჩელში

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930