12-07-2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი.
კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტის მიერ თითოეულ ხელმომწერთან კომუნიკაციით შემოწმდა და დადასტურდა პარლამენტის 91 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა.
შესაბამისად კომიტეტმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში 9 წევრი იქნება. კომისიის თავმჯდომარედ რეკომენდებულია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, კომისიის მდივნად კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ლევან იოსელიანი.
წევრები იქნებიან: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" თავმჯდომარე, პაატა მანჯგალაძე - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილი და პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი.