გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი"

12-07-2021

ტელეკომპანია "ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

მამუკა ჭელიძის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი.

დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი.

ქიმიური დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი".

ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

აგრეთვე ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და „112“-ის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, ითქვას შემდეგი:

ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 სთ-ზე ფიქსირდება თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე, იოსელიანის ქუჩაზე, საიდანაც თავის მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით.

აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, 15:31 სთ-ზე შედის ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ერთჯერადი გამოყენების შპრიცებს. ვიმეორებ, აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

შემდეგ ალექსანდრე ლაშქარავა მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში, ცურტაველის ქუჩის მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

როგორც მოგეხსენებათ, იგი, მეგობართან ერთად, ფონიჭალაში 2-ჯერ ჩადის. მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალის მიმართულებით, ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს.

აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, კვლავ ბრუნდება ორთაჭალიდან ფონიჭალის დასახლების მიმართულებით და ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე, 19:41 სთ-ზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

საქმის მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, კერძოდ, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე ჩვენებების მიხედვით, ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკების გამო ცუდად ხდება და მეგობარი ცდილობს მის დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი და ვერ ახერხებს ამას, მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეომასალაზე. ალექსანდრე ლაშქარავას მეგობარი სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარების მიზნით, ითხოვს ერთ-ერთ პრეპარატს - ე.წ. ნარკანს, რათა თავისი მეგობარი გამოიყვანოს მიღებული ნარკოტიკების შედეგად ზედოზირებიდან, რაც ასევე ასახულია ვიდეოკადრებში.

გარკვეული მიზეზების გამო, ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ალექსანდრე ლაშქარავას მიყვანას და თავადვე ბრუნდება მასთან, სადაც კვლავ ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების შედეგად თავის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებიდან იკვეთება.

გარკვეული დროის შემდეგ, მოჰყავს გონებაზე და რამდენიმე წუთში, ერთად, ასევე მოპედის საშუალებით, 23:16 სთ-ზე ბრუნდებიან დედაენის ბაღში, სადაც ალექსანდრე ლაშქარავა კიდევ ერთხელ ცუდად ხდება, რაც ასევე ასახულია კამერებზე და ეს ყველაფერი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავა ბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლთან და 00:10 სთ-ზე გარე მეთვალყურეობის კამერებზე ჩანს, როგორ ადის სახლში.
დაახლოებით დილის 6 საათზე ოჯახის წევრები შეტყობინებას აკეთებენ სასწრაფოში. სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, სასწრაფოს ექიმებს ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ჯგუფური ძალადობის მუქარით დევნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაკავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას და უწყება პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.
აქვე მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და გრაფიკა სრული მოცულობით შექმნილია საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე და ის გამყარებულია ვიდეომტკიცებულებებით, რომლებიც უკვე წარმოგიდგინეთ" - განაცხადა ჭელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930