გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რისგან იხსნა უწმინდესმა თამარ ჭოხონელიძე – „გამაფრთხილა, ჯვარი არ აიყაროო“

28-12-2017

ეს ოჯახი ერთ-ერთი იმ ოჯახთაგანია, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ძალიან ახლო შეხება და ურთიერთობა აქვს. ყველაზე მძიმე პერიოდში თამარ ჭოხონელიძე სწორედ უწმინდესის სიტყვებმა გადაარჩინა. მისმა ქალიშვილმა კი, მარიამ როინიშვილმა ურთულესი მისია აიღო საკუთარ თავზე, პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობლები შეესრულებინა. მათ შორისაა: „კირიე ლეისონ“, „ტედეუმ“, „აგნუსდეი“, „სანქტუს“, ვაჟას ლექსზე შექმნილი „ალილუია“. 

თამრიკო ჭოხონელიძე:

– 28 წლის წინათ შევხვდი პირველად ჩვენს უწმინდესს. ყველა მართლმადიდებელი, მორწმუნე ნატრულობს, რომ ახლოს მაინც მივიდეს პატრიარქთან. მაშინ მარიამზე ფეხმძიმედ ვიყავი. როგორც აღმოჩნდა, სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი მარიამის დაბადებამდე. სიონში ღვთისმშობლის ხატთან მივედი ახლოს. წირვა რომ დამთავრდა, გამოვიდა უწმინდესი, კორიდორი გაუკეთეს. ყველას სურდა, მიახლოებოდა და ხელით შეხებოდა. მე იმდენად შორს ვიდექი, არც ვოცნებობდი ამაზე. ერთმა ღვთისნიერმა ქალმა შემამჩნია, ხელი მომკიდა, ხალხი გაარღვია და უწმინდესს მიმაახლოვა, შენ ყველაზე მეტად გჭირდება ახლა ისო, მითხრა. ვერ მიცნო, უბრალოდ ჩემი მუცელი შეამჩნია. ამ დროს გამოიარა უწმინდესმა, რამდენიმე ადამიანს თავზე ხელი დაადო და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. არ ვიცი, რა ძალამ მოიყვანა, არც ის მიცნობდა მაშინ. ჩამიხუტა და მითხრა, ღირსეულ დედაშვილობას გისურვებ, ყველაფერი კარგად იქნებაო. იცით, როგორი წამოვედი იქიდან? ზუსტად ვიცოდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველა სირთულეს დავძლევდი. მართლაც იყო სირთულეები მარიამის დაბადებისას, მაგრამ ორივე ღვთის წყალობით გადავრჩით. 

– პირველად როდის შეხვდით ერთმანეთს?

– როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ უწმინდესს ჩემი ნახვა უნდოდა. მახსოვს, სტუმრები ჰყავდა, ტრაპეზობდნენ. მაშინ გავიცანით ერთმანეთი ახლოს. მაჩუქა ჯვარი, რომელსაც ვატარებ. ჯერ თავად ეამბორა ამ ჯვარს და მერე ჩამომკიდა ყელზე. მას მერე არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს, გულახდილი საუბრებიც გვქონდა. მაოგნებს ყოველ შეხვედრაზე. ამდენი დადებითი წახნაგი თუ ჰქონდა ადამიანს, უწმინდესის გაცნობამდე ვერ წარმომედგინა. მაგალითია ყველასთვის. წარმოიდგინეთ, რამდენი დასმენა აქვს, ყველას თვალწინ, აშკარად, საჯაროდ და როგორ ითმენს. დათმენის და დიდი სიყვარულის მაგალითია ჩვენი პატრიარქი, სურვილი გიჩნდება, ცოტათი მაინც მიემსგავსო. და როცა ასეთი ადამიანი გყავს, პირველ რიგში, იმედი და საყრდენია შენთვის.

– ყველაზე რთულ სიტუაციაში თუ მისულხართ მასთან რჩევისთვის?

– როგორ არა. მე მახსოვს მისი ცრემლებიც, როცა ოჯახი დამენგრა. ბევრი რამ მითრა მაშინ, რაზეც, რა თქმა უნდა, არ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთს გეტყვით, კატეგორიულად გამაფრთხილა, ჯვარი არ აიყაროო. არ ამიყრია, დავუჯერე... მისი სიძლიერე მახსოვს აგვისტოს ომის შემდგომ, როცა ფერიცვალებას ტაძარში შევხვდით ყველა, მისი ინიციატივით. მარიამი გალობდა იმ ღამეს ტაძარში. არ დამავიწყდება შაოსანი დედების განცდები, ჩვენ ყველამ ერთად გავათენეთ ის ღამე. მერე მასთან წავედით საპატრიარქოში მე და მარიამი. ძალიან უიმედო და სასოწარკვეთილი ვიყავი. მაშინ ნატყვიარი გვაჩვენა თავის ოთახში, რომელიც 9 აპრილს უკავშირდებოდა. და მერე ისე დაგვამშვიდა ყველა, იქიდან დამშვიდებული წამოვედი... მე მინახავს მასთან საპატრიარქოში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთად. მას შეუძლია ამ ადამიანების ერთად შეკრება. საოცარი მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობიან ჩვენს უწმინდესს თითოეული მათგანი... 

დაახლოებით ათი წლის წინათ, როცა მოსკოვში დელეგაცია წავიდა სპეცრეისით პატრიარქთან შესახვედრად, მე და მარიამიც ვახლდით უწმინდესს. დიდი პატივი იყო. მარიამმა სამების გუნდთან ერთად იგალობა მოსკოვში მაცხოვრის უდიდეს ტაძარში „კირიე ლეისონ“. გულისამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი, სხვაგვარი განცდა ახლდა, რომ, დიახ, ჩვენ იმ ქვეყნიდან ვართ, რომელსაც ბევრი ცუდი რამ გაუკეთეთ, მაგრამ მაგალითი იმისა, რომ ჭეშმარიტებამ, რწმენამ, დათმენამ, შესაძლებელია, სრულიად სხვაგვარად მოაქციოს ბევრი რამ. იმდენი რუსი იდგა და ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონებით, ტიროდა... მაშინ მივხვდი, რომ ბოროტება მარცხდება.

– თამრიკო, ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა პატრიარქი ყველაზე მძიმე დროს გვერდში უდგას ადამიანებს. თქვენ რა გახსენდებათ ახლა?

– დაახლოებით 4 წლის წინათ ძალიან ცუდად ვიყავი. იმდენად მომეძალა ავადმყოფობა, მეგონა, ვეღარ გამოვიდოდი მდგომარეობიდან. პირველად დავიჭირე საკუთარი თავი იმაში, რომ სასოწარკვეთაში ვვარდებოდი. სამი დღე უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. არავისთვის მითქვამს, მხოლოდ ხატებთან მივდიოდი და მუხლმოდრეკილი ტირილით ვითხოვდი შველას. გავიდა სამი დღე და მირეკავს სიმონ ჯანგულაშვილი, მეუბნება, მთელი დღე ტელეფონი გამორთული გაქვს, პატრიარქი წუხს და შენი ნახვა უნდაო. ღამის ათი საათი იყო. წავედი. საპატრიარქოსთან კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი შემხვდნენ, სად ხარ ამდენ ხანს, ძალიან ღელავს, დღეს უკვე რამდენჯერმე გიკითხა, ჩვენ დიდი ხანია აქ ვართო. შევედი, რომ დამინახა, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. დიდხანს ვყავდი ჩახუტებული, მერე განზე გამწია და მითხრა, სამი დღე გული მეუბნება, რომ შენ რაღაც გიჭირსო. მარტო არ ვიყავით, იქ ბევრი ხალხი იყო. მერე შემიყვანა ოთახში და ძალიან ბევრი მელაპარაკა. ბევრი რამ სხვანაირად დამანახა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები არ გამყუჩებია, აბსოლუტურდ სხვა ადამიანი წამოვედი იქიდან. მას მერე სასოწარკვეთას კატეგორიულად ვებრძვი, ახალი ცხოვრების ძალა მომცა პატრიარქმა იმ დღეს... რომელი ერთი გავიხსენო... როცა მთავაზობდნენ მამაჩემი კონსერვატორიის მცირე დარბაზიდან გამოგვესვენებინა, მე უარი ვთქვი. მამა თავმდაბალი იყო და ვიცოდი, არ მაპატიებდა. მაშინ საპატრიარქოდან დაირეკა ზარი, უწმინდესი ტიროდა, როგორი დიდი კაცი დავკარგეთო და დამაიმედა,რომ რაც დრო გავა, მეტად დაფასებული იქნებოდა მისი ნაშრომები. მაშინ შემომთავაზა, იქიდან გავასვენოთ, საიდანაც ასვენებდნენ ქართველ ღირსეულ ერის კაცებსო. ეს ისეთი სულიერი სიმშვიდე იყო... დილას მოვიდა სიონის ტაძარში პატრიარქი, თავად ჩაატარა პანაშვიდი, მოგვეფერა, დაგვაიმედა, მას მერე სწორედ პატრიარქმა გვასწავლა, როგორ უნდა გვეცხოვრა მამას გარეშე... არ მინდა ამ ნოტაზე დავამთავრო პატრიარქზე საუბარი და ერთსაც გეტყვით, ვინც მას ახლოს იცნობს, დამეთანხმება, უიშვიათესი იუმორის გრძნობა აქვს უწმინდესს, იმდენად, რომ ცრემლებამდე მივდივართ ხოლმე, როცა ის ხუმრობს.

– შეგიძლიათ, ერთი მაგალითი გაიხსენოთ?

– სიამოვნებით გავიხსენებდი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის უფლება. ამიტომ თავს შევიკავებ.

– 85 წელი შეუსრულდება 4 იანვარს პატრიარქს... რას ეტყვით მას?

– პატრიარქს არა, უფალს გადავუხდი მადლობას, რომ ეს ადამიანი მოავლინა ამ ქვეყანას ქართველი ერის საიმედოდ. ბედნიერებაა, რომ ის საქართველოში დაიბადა და მოღვაწეობს. ქედს ვიხრი მის წინაშე, მადლობა, რომ აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. მინდა დიდხანს იყოს თვისი ხალხის გვერდში, რადგან, ვიმსახურებთ თუ არ ვიმსახურებთ, თითოეული ჩვენგანის სულისთვის ლოცულობს.

მარიამ როინიშვილი:

– უწმინდესთან პირველი შეხვედრა ბევრად ადრე იყო, ვიდრე მის საგალობლებს შევასრულებდი. მე, დედა, ბაბუა, ბებია ერთად ვიყავით მასთან. მაშინ, ალბათ, 12 წლის ვიქნებოდი. 

– როგორ მოხდა, ვინ გადაწყვიტა, რომ უწმინდესის საგალობელი „კირიე ლეისონ“ შენ უნდა შეგესრულებინა?

– ხშირად დავდიოდი სამებაში, ვისმენდი, რომ ამ საგალობელს ერთი პატარა ბიჭი ასრულებდა საოცრად, ლამაზი ხმით. ისეთი მელოდიაა, გულში სულ რომ გემღერება. მერე ეს პატარა ბიჭი გაიზარდა, მუტაციის პერიოდი დაეწყო, ხმაც დაუკაცდა. მაშინ მითხრეს, რომ უწმინდესის სურვილით მე უნდა მეგალობა ეს საგალობელი. მაშინ 16-17 წლის ვიყავი, სიმონ ჯანგულაშვილი დაგვიკავშირდა და ეს ამბავი მან გვითხრა. მაშინ კიდევ ერთხელ მოხდა ჩემი და პატრიარქის შეხვედრა. სულ პირველად ტაძარში რომ ვიმღერე, ეს უბრალოდ ცდა იყო. რეპეტიციაც არ მქონდა გავლილი. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ეს საგალობელი ყველამ იცოდა. როცა გალობას ვიწყებდი, ხალხი ახლოს მოდიოდა და მაკვირდებოდა. თან მსიამოვნებდა, თან უხერხულობის მომენტი მქონდა. „კირიე ლეისონ“ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი წერტილია. ბედნიერი ვარ, რომ ხალხსაც უყვარს და რომ ეს ყველაფერი უწმინდესს უკავშირდება.

– პირველივე შესრულებისას გქონდა გათვითცნობიერებული, რომ უწმინდესის დაწერილ მელოდიას იმეორებდი?

– რა თქმა უნდა, მაშინვე ვიცოდი, რომ ამას სხვა მადლი მოჰყვებოდა, გარდა იმისა, რომ საგალობელი იყო, სხვა დატვირთვა იყო. უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა, თუმცა იმდენად ფაქიზი, მარტივი, სუფთა, გამჭვირვალეა პატრიარქის ყველა ნაწარმოები, აბსოლუტურად სხვა განწყობას მიქმნის შესრულების დროს. მას მერე სულ მადლიერების განცდა მაქვს.

– ამ საგალობლის შემდეგ მისი კიდევ არაერთი ნაწარმოები შეასრულე...

– კი, ასეა ნამდვილად. მირეკავდნენ, პატრიარქს სურს შენი ნახვაო. მივდიოდი და ასე მისი რამდენიმე ნაწარმოების პირველი შემსრულებელი გავხდი. მათ შორისაა „ტედეუმ“, „აგნუსდეი“, „სანქტუს“. ვაჟას ლექსზე უწმინდესის მიერ დაწერილ „ალილუიას“ მე და თამრიკო ვმღერით დუეტში.


წყარო: "პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930