13-07-2021
არანაირი არეულობის შემოტანის რაიმე არსებითი რესურსი ამ ადამიანს და ამ ანტისაეკლესიო, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ დაჯგუფებას საქართველოში არ აქვს. ამაზე არის ხელისუფლება პასუხისმგებელი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის ფაქტორში“ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 5 ივლის განვითარებულ მოვლენებში რუსული კვალის არსებობაზეც ისაუბრა.
„პრაიდის“ მთავარი ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“. გიგა მაქარაშვილი იყო წარმოჩენილი პერსონალურად როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ „სირცხვილია“ არის „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზაცია. ეს არის რადიკალური ანტიქრისტიანული, ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც რა თქმა უნდა ფინანსდება სააკაშვილის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით ყველას აქვს ინფორმაცია. პარალელურად, საინტერესოა, რომ ამ ორგანიზაციას აქვს თავისი კვალი რუსეთთან. გახსოვთ, გიგა მაქარაშვილი იყო მინდია გულუას, რუსული ხაზის ერთ-ერთი წარმომადგენლის პრეს სპიკერი თავის დროზე და ეს შლეიფი მას დღემდე მოჰყვება. ეს ძალიან საინტერესო „დამთხვევაა“ - სააკაშვილი, რუსეთი და „სირცხვილია“ საქართველოში. ეს არის ძალიან მარტივი ნიშნები იმისა, რომ ყველაფერი იმართება ერთი და იგივე რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო პოლიტიკური დაჯგუფების მხრიდან, რომლის სათავეში არის ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი. მას არანაირი განსაკუთრებული რესურსი არ აქვს, გარდა ორისა: ეს არის მედია, რომელსაც ის ფლობს და აკონტროლებს საქართველოში და ეს არის ფული - ხალხისგან მოპარული ფული, რომელიც მას აქვს წაღებული უკრაინაში და რომელსაც დღემდე ხარჯავს ქართულ პოლიტიკაში. ის ხალხს ჰპარავდა ფულს ხელისუფლების ყოფნის პერიოდში და ახლა ამ ფულის ინვესტირებას ქართულ პოლიტიკაში ახორციელებს. ეს არის სააკაშვილის რესურსი. ამ ფინანსურ და მედია-რესურსს დღემდე ხარჯავს იმაში, რომ რამენაირად სცადოს საქართველოში არეულობის შემოტანა. 5 ივლისის მოვლენებიც ამის მორიგი მცდელობა იყო“, - განაცხადა კობახიძემ.