2-08-2021
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.
საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდება ის წესიც, რომ პატიმრობის კოდექსით დადგენილი სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ გავრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირების შემთხვევაში.
შემოთავაზებული ცვლილებებით, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროეტის ძირითადი არსი ბრალდებულის და მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.