გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუციის განხილვა დაიწყო

2-08-2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია განიხილა.

რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.

ამასთანავე, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, განავითაროს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა.

რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან ამ მიმართულებით.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციის მიზანია მეათე მოწვევის პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტია

„ასევე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიის კონკრეტული დასახლებული პუნქტის - გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას ანექსიასთან დაკავშირებით და შესაბამისად, აუცილებელი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში ეს საკითხიც ყოფილიყო ასახული", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ

რეზოლუციის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930