6-08-2021
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.
გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო - უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის რეგისტრაციის თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის მომართვის ვადა დღეს, 6 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
მსურველებმა განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.
გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2488
იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.