12-08-2021
ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, დღეს, კომპანია „არემჯის“ 55 თანამშრომელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. კომპანიის თანამშრომლებმა ,,ფაიზერის" ვაქცინა გაიკეთეს.
ვაქცინაციის პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი გაეცნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივის საფუძველზე, რომელიც მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებულ ვაქცინაციას ითვალისწინებს, კომპანია „არემჯიმ“ ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა, ადგილზე თანამშრომლების ცალკე ვაქცინაციისთვის კაბინეტის მოწყობის თაობაზე.
აგვისტო კომპანიაში „ვაქცინაციის თვედ“ გამოცხადდა. ყოველდღიურად ხდება ყველა მსურველი თანამშრომლის ორგანიზებული ტრანსპორტირება საწარმოდან ბოლნისის კლინიკაში და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მათი ვაქცინაცია.
აღნიშნული კამპანია ბიზნეს ომბუდსმენისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და წარმატებით მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, „არემჯის“ 1000-მდე თანამშრომელია აცრილი.