18-08-2021
„სპეცრაზმმა ჯერ საბადრაგო მანქანაში მიკრა თავი, შემდეგ ბაჩოს ესკორტის მანქანაში გადამიყვანეს კახა ბუცხრიკიძესთან. იქვე ისხდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. ხელები ზურგს უკან პლასტმასის ხელბორკილით შემიკრეს და გამეტებით, დაუნდობლად მცემეს, თუმცა გონება არ დამიკარგავს.
პირში ფარულად წამოღებულ „ბრიტვას“ ვმალავდი. ცემის შემდეგ ხელები გამიხსნეს და მაშინვე პირიდან „ბრიტვა“ გამოვიღე და რამდენიმე ადგილზე მუცელი გადავისერე, რომ იქნებ შეშინებულიყვნენ და ჩემი წამება შეეწყვიტათ“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ყოფილმა პატიმარმა, ნუგზარ თაბაგარმა განაცხადა:
„ვაპირებდი, „ბრიტვა“ კისერზეც გადამესვა, მაგრამ ამის საშუალება აღარ მომცეს, ხელი გადამიგრიხეს და წამართვეს.
„ბრიტვა“ ხელში ბაჩომ დაიკავა. მეგის ქარდავამ მითხრა, დაჩეხვა მასე არ უნდაო და მანქანიდან დაბლა გადმომაგდეს, სპეცრაზმელმა გამაკავა და ბაჩო ახალაიამ მუცელზე ორ ადგილას ხორცები თავისი ხელით ამომაჭრა, რომლებიც იქვე დაყარა და დაიძახა - მარილი მომიტანეთ, უნდა „დავავიჩინოო“.
მარილი მართლა მოუტანეს და ჭრილობებში კახაბერ ბუცხრიკიძემ ჩამაყარა. სპეცრაზმელი კი ჭუჭყიანი ფეხით მთელავდა, რომ მარილი ჭრილობაში კარგად შეზელილიყო.
იმავე დღეს, ეტაპით ქსანში წამიყვანეს. 29 მარტი თენდებოდა. ჩემი ცემა-წამება ამით არ ამოწურულა. რამდენჯერმე მცემა ლევან მარუაშვილმა (მეტსახელად „თოფიმ“), რომელიც ციხეში იარაღით დადიოდა და ამბობდა, ბაჩო ახალაიას კურსელი ვარ, მისგან ნებართვა მაქვს და ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, გავუსწორდებიო“ - იხსენებს ყოფილი პატიმარი.