26-08-2021
ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვემსახურო თითოეული თქვენგანის ინტერესებს, ამოცანებს და მიზნებს" - განაცხადა „ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატმა დათო გოგუამ წარდგენაზე.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წლების განმავლობაში არაერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც დადებითად აისახა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„ჩხოროწყუში პრიორიტეტად დავისახეთ მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური და სარგებლიანი გაგვეხადა სოციალური პროგრამები, გაორმაგდა ბიუჯეტი, უფასო გავხადეთ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები, დაიგო ათეულობით კილომეტრი ასფალტო- ბეტონის საფარი, აშენდა 20 დიდი და მცირე ზომის სახიდე ნაგებობა, 7 საბავშვო ბაღი, 5 ამბულატორია, საზოგადოებრივი ცენტრები, აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები. იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა, როგორც ქალაქში, ასევე სოფელ ზუმსა და ნაფიჩხოვოში. მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები. იწყება ყველასთვის მნიშვნელოვანი, ქალაქის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რაზეც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა. ეს ჩვენი მრავალი წლის ოცნება იყო.
მიუხედავად ასეთი მიღწევებისა, მთავარი გამოწვევები წინ გვაქვს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, ჩვენი მთავარი ამოცანა, უპირველეს ყოვლისა არის 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ყველა ოჯახს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება. ისეთი დარგების აღორძინება, როგორიცაა მეჩაიეობა, მეთხილეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, და კენკროვანი ხე-მცენარეების: მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების გაშენება.
პროექტის „მართე შენი ქალაქი და სოფელი" ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ქალაქისა და სოფლის მართვაში. ჩვენი მოვალეობაა ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელშიც მაქსიმალურად ჩართული და დასაქმებული იქნებიან ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ტურიზმი ეს არის ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათი, ვინაიდან ჩხოროწყუ არის განთქმული თავისი ლამაზი ხეობით, რომელსაც ,,ლუგელას ხეობა" ჰქვია. სოფელ მუხურში და ტობავარჩხილისკენ მიმავალი გზა წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მთავრობას ამ საჩუქრისთვის.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელების სამსახურში ნათლად დამანახა ის საჭიროებები, რომელიც გვაწუხებს, რომელთა ნაწილი მოგვარებულია, ხოლო დანარჩენის გადაჭრის გზები – დასახული. მჯერა, ჩხოროწყუს განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ.
ახლა კი, მინდა წარმოგიდგინოთ ის გუნდი, რომელიც მომავალ საკრებულოში იქნება ჩხოროწყუელების ხმა: ჯანო პერტაია, გოგა თოლორდავა, მამუკა ფიჩხაია, ზურაბ ჯიქია, დათო კვირტია, დიმიტრი ყალიჩავა, ნუგზარ ჯალაღონია, ოქრო შენგელია, დაზმირ დარსალია" - განაცხადა დათო გოგუამ.