გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების განხილვა-დამტკიცება, მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება

30-08-2021

საქართველოს მთავრობის 30 აგვისტოს სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა რამდენიმე განკარგულება, რომელთა მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს, მათ შორის, დევნილ ოჯახებს დაუკანონდებათ მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები.  ამის შესახებ დეტალურად ეკონომიკის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„300-მდე ოჯახს დაუკანონდება ის ფართები, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ წლების მანძილზე - ეს არის როგორც დევნილი მოსახლეობა, ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანები, ასევე, უბრალოდ, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ ფართში და მას ვერ იკანონებდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ გადავეცით ეს ფართები სიმბოლურ ფასად და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი" - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ის ფიზიკური პირები, ოჯახები, რომლებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები დაუკანონდებათ, მათ შორის, დევნილი ოჯახები, ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში, ზესტაფონსა და  ბორჯომში. აღნიშნული სოციალური ჯგუფებისთვის ფართების დაკანონების შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობით მიმართეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების, კერძოდ, რუსთავის, ზესტაფონის, ბორჯომის მერიებმა, ხოლო დევნილების შემთხვევაში -   დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. ეკონომიკის სამინისტრომ განიხილა მათ მიერ წარმოდგენილი, დასაბუთებული შუამდგომლობა და  დასამტკიცებლად წარადგინა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს არ არის ერთჯერადი აქტი და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონების განხილვა/დამტკიცება, მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის საფუძველზე, მომავალშიც გაგრძელდება.

 

„ეს პროცესი დიდი ხნის წინ გვაქვს დაწყებული, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და ამის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრო, პერიოდულად გადასცემს ხოლმე და უკანონებს მოსახლეობას იმ ფართებს, სადაც ისინი „დე ფაქტო" იმყოფებიან, მაგრამ  საკუთრების უფლება  აქამდე არ ჰქონდათ. ეს კეთდება, მაგალითად,  რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ბორჯომში, თბილისში და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცესი ასე გაგრძელდება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930